ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების ისტორიული პროცესი გრძელდება
რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, საქართველოს „გოსფილმოფონდში“ დაცული კიდევ 7 ფილმი დაუბრუნდა.
მეოთხე ეტაპზე, ქართულ მხარეს ივანე პერესტიანის “არსენა ჯორჯიაშვილი” (1921 წ.) და “სურამის ციხე” (1923 წ.), ამო ბეკ-ნაზაროვის „მამის მკვლელი” (1923 წ.), მიხეილ ჭიაურელის “ხაბარდა” (1931 წ.), დავით რონდელის „დაკარგული სამოთხე“ (1937 წ.), გელა კანდელაკის „უბედურება“ (1980 წ.) და ნუცა ღოღობერიძის „უჟმური“ (1934 წ.) გადაეცა.
ფონდის მიერ განხორციელებული სამუშაოების ხარისხის კონტროლისა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით, სამუშაო ვიზიტით, ქალაქ მოსკოვში, პროექტის კურატორი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და ამავე ცენტრის იურისტი თინათინ ჩავლეიშვილი იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების საცავებში შენახვის პირობებს, მათი რესტავრაციისა და ბეჭდვის პროცესს ადგილზე გაეცნო. შემოწმდა ფილმების როგორც ორიგინალების, ასევე, პირველადი ასლებისა და სამუშაო პოზიტივების მდგომარეობა. ფილმოფონდის რესტავრატორების ჯგუფთან ერთად შეფასდა ჩატარებული სამუშაოები.
რუსეთიდან ქართული ფილმების პირველადი ასლების ჩამოტანა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საქართველოში უკვე 34 ქართული ფილმია დაბრუნებული. ფილმსაცავის აშენებამდე ისინი საქართველოს ეროვნულ არქივში იქნება დაცული.
მანამდე კი, სულ უფრო აქტუალური ხდება, საქართველოში საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტის კინოარქივის შექმნა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. „გოსფილმოფონდიდან“ ჩამოტანილ მასალასთან ერთად, თავად საქართველოშიც, 100 000 ყუთზე მეტი ფირი საჭიროებს შენახვისათვის სათანადო პირობების შექმნას – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, განაგრძობს კინოარქივის და ციფრული ლაბორატორიის პროექტზე მუშაობას.
ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდიდან – „გოსფილმოფონდი“, საბჭოთა ეპოქაში, 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებული და ფონდის არქივში დაცული ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების პროცესი დაიწყო, ხელი, 2014 წლის 30 სექტემბერს მოეწერა.
„გოსფილმოფონდი“ (რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ფილმოფონდი) მსოფლიოს უდიდესი კინოარქივების სამეულში შედის, მისი 12 დიდი საცავი 170 ჰექტარზეა გაშლილი. „გოსფილმოფონდმა“ თავისი 70-წლიანი არსებობის მანძილზე, თავი მოუყარა 70 000-ზე მეტი დასახელების კინოფილმს. ფილმსაცავში ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების, მათ შორის, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ შექმნილი ფილმების ორიგინალებია დაცული. რუსეთის სხვადასხვა ფილმსაცავში ათასამდე ქართული ფილმი ინახება, თუმცა, მათ შორის, ყველაზე დიდი კოლექცია, სწორედ „გოსფილმოფონდის“ საკუთრებაშია – მათი რაოდენობა 706 ერთეულს აღწევს. ყველაზე ადრეული, 1921 წელს, ივანე პერესტიანის მიერ გადაღებული ფილმი „არსენა ჯორჯიაშვილია“.