“ბრალდებული მამაკაცი დაზარალებულ ქალს სისტემატურად, უკანონოდ უთვალთვალებდა და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა” – შსს-მ 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული გ.გ. ადევნებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი დაზარალებულ ქალს სისტემატურად, უკანონოდ უთვალთვალებდა და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა.
“გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.