მედია: ეპშტეინი საიდუმლო ფაილებს აშშ-ს სხვადასხვა საცავში მალავდა

ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი, შესაძლოა, თავისი წრის შესახებ ინფორმაციას საიდუმლო სეიფებში ინახავდა, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლებას ჯერ არ გაუხსნია, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „დეილი ტელეგრაფი“ ავრცელებს.

გაზეთის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ფინანსისტი კერძო დეტექტივებს ფულს უხდიდა, რათა მისი ფლორიდის სახლიდან აღჭურვილობა გაეტანათ და გამომძიებლებს მისი აღმოჩენა არ შეძლებოდათ.

გამოცემის ცნობით, ეპშტეინს 2019 წელს გარდაცვალებამდე, სულ მცირე, ექვსი საცავი ჰქონდა დაქირავებული, რომელთა იჯარის ხელშეკრულებები 16 წლის განმავლობაში მოქმედებდა.

გაზეთის მიერ განხილული დოკუმენტები აჩვენებს, რომ ეპშტეინმა თავის დეტექტივებს კომპიუტერების სხვა საცავში გადატანა მას შემდეგ უბრძანა, რაც 2000-იანი წლების შუა პერიოდში მის სახლში პოლიციის რეიდის შესახებ შეიტყო.

როგორც გაზეთმა აღნიშნა, ამერიკულ სამართალდამცავ ორგანოებს დიდი ხანია ეჭვი აქვთ, რომ ეპშტეინი მოსალოდნელი რეიდების შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული, რადგან მისი სახლი „გაწმენდილი“ ჩანდა.

გამოცემამ დასძინა, რომ ამ სეიფებში შენახული დოკუმენტები, შესაძლოა, ადასტურებდეს თეორიას, რომ ეპშტეინი თავისი მეგობრების შესახებ, პოლიტიკასა და ბიზნესში, მაღალი დონის წარმომადგენლების შესახებ ბინძურ ინფორმაციას აგროვებდა.

ეპშტეინის კერძო დეტექტივებმა The Telegraph-თან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

FBI-ს კომენტარი არ გაუკეთებია, ჩაუტარდა თუ არა ეპშტეინის საწყობებს ჩხრეკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები