ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ საუკეთესო პოლიტიკურ ურთიერთობებსა და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის მუდმივად მზარდ დინამიკაზე.

„შეხვედრისას ხაზი გაესვა ერთიანობის მნიშვნელობას უსაფრთხოების გამოწვევებით სავსე საერთაშორისო გარემოში.

საუბრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს საერთაშორისო ორგანიზაციებში საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობა წარმოადგენდა.

მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემო, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მნიშვნელობა და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბაქოში, სადაც საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართება. დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დავით დოლიძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები