ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების – MEDEF-ის დელეგაციას შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ფრანგული საწარმოების დელეგაციას, რომელიც საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების (MEDEF) ხელმძღვანელობით საქართველოში იმყოფება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები. ფრანგულ მხარეს მინისტრმა გააცნო მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, მკაცრი ფისკალური პოლიტიკის გათვალისწინებით, არსებული საინვესტიციო პოლიტიკა, მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და რეფორმები. ასევე, ხაზი გაესვა მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის გათვალისწინებით, სუვერენული ინვესტიციების დაფინანსების წყაროებსა და ინსტრუმენტებს მრავალმხრივი და ორმხრივი პარტნიორებისგან. საუბარი შეეხო მთავრობის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ევროობლიგაციების რეფინანსების წარმატებულ განთავსებას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ მაღალი ეკონომიკური ზრდის, გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის პირობებში, შეძლო მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, რაც მაღალი კაპიტალური ხარჯებისა და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფონზე ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ წინსვლას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო/ენერგეტიკულ პროექტებზე, რომელშიც ჩართულია საქართველო, მათ შორის, შუა დერეფნის დაკავშირებადობის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო, სარკინიგზო და საპორტო პროექტებზე.
სტუმართა მხრიდან გამოითქვა ინტერესი, როგორც ზოგადად მიმდინარე ინიციატივების, ასევე მზადყოფნა კონკრეტულ ახალ პროექტებში თანამშრომლობის მიმართულებით, ფრანგულ-ქართული ეკონომიკური შესაძლებლობების შემდგომი განვითარების სურვილი.
შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.