ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მასზე მუშაობა გაგრძელდება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების მე-20 პაკეტზე. ეს არ არის ის გზავნილი, რომლის გაჟღერებაც დღეს გვინდოდა. მუშაობა გაგრძელდება“, – აღნიშნა კალასმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეფერხება გამოწვეული იყო ბუდაპეშტის უკმაყოფილებით, 27 იანვარს უკრაინის მიერ „დრუჟბას“ მილსადენიდან ნავთობის გადაზიდვის შეჩერებით, რის შედეგადაც უნგრეთს ამ მილსადენიდან ნავთობი აღარ მიეწოდებოდა.
გასულ შაბათ-კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ სანქციებს დაბლოკავდა, თუ უკრაინა ნავთობის გადაზიდვას არ განაახლებდა.
ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ მილსადენი რუსეთის დარტყმის შედეგად დაზიანდა.
კალასმა ასევე თქვა, რომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემა, რომელიც უნგრეთმა დაბლოკა, უფრო სწრაფად უნდა მოხდეს.
„ამ ინიციატივაზე უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სესხის გეგმა ევროკავშირის ლიდერების დონეზე შეთანხმდა.
მანვე დასძინა, რომ ახლა მიმდინარეობს მუშაობა იმის უზრუნველსაყოფად, რათა ეს შეთანხმება ევროკავშირის ყველა ქვეყანამ დაიცვას.