დიმიტრი ხუნდაძე – სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებაზე: საწყის ეტაპზე იყო სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი 34% და დღეს არის 9%, თავად ციფრები მეტყველებს იმას, რომ ბაზას სჭირდება განახლება და გადამოწმება
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, მიხეილ ხუნდაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ბაზის გაზრდას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა და ეს არ იყო გამოწვეული მათი რაოდენობის ზრდით.
როგორც ხუნდაძემ „დებატების“ ეთერში აღნიშნა, საქართველოში, საწყის ეტაპზე სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი – 34%-ი იყო, დღეს კი 9%-ია და თავად ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ ბაზა გადახედვას საჭიროებს.
მისი თქმით, პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და დეტალურად უნდა იყოს აღწერილი კრიტერიუმები, პროცესი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.
„პანდემიის დროს, როდესაც მორატორიუმი გამოცხადდა, რადგან რთული იყო პროცესების მართვა, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება, რადგან მათი შესაძლებლობები შეიზღუდა პანდემიის პირობებში, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაზიდან არ გამოეყვანა, ანუ გადამოწმებები შეეჩერებინა და თუკი ახალი საჭიროება იქნებოდა, ბაზაში შეეყვანა ახალი მოქალაქე და ამანაც გაზარდა რაოდენობა.
დასაქმების პროგრამა, როდესაც მოქალაქეებს მიეცათ საშუალება, რომ დასაქმებულიყვნენ და ამის გამო ბაზიდან არ გამოსულიყვნენ, ანუ მათ ოჯახის წევრებს, 4 წლის ვადით გადაევადათ ოჯახის ამ კუთხით შემოწმება. რა თქმა უნდა, გაიზარდა დიაპაზონი, გაიზარდა მოსარგებლეთა რაოდენობა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საწყის ეტაპზე იყო სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი – 34%-ი და დღეს არის 9%-ი, თავად ციფრები მეტყველებს იმას, რომ ბაზას სჭირდება განახლება და გადამოწმება. კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი და დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ის კრიტერიუმები და შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ არ მივიღოთ ის, რომ ვისაც სჭირდება ისიც ამოვარდეს ამ ბაზიდან, ან ვისას სჭირდება ის ვერ მოხვდეს ბაზაში“,- განაცხადა ხუნდაძემ.