მაკა ბოჭორიშვილი: მთავარია, ბრიუსელმა შეწყვიტოს და ხელი არ შეუწყოს იმ დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს
მთავარია, ბრიუსელმა შეწყვიტოს და ხელი არ შეუწყოს იმ დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაზე, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დიპლომატები იმსჯელებენ ევროპაში დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე.
ბოჭორიშვილის თქმით, ზოგადად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნამდვილად არის გამოწვევა.
„ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ არაერთი კამპანია, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, აგებული იყო მთლიანად ტყუილზე, დეზინფორმაციულ ნარატივებზე. ამას ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი შეუძლია, მიაყენოს როგორც ქვეყანას, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანია. თუმცა, ერთი მხრივ, როდესაც აცნობიერებ, რამდენად დიდი პრობლემაა დეზინფორმაცია, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობ ან თვალს ხუჭავ დეზინფორმაციული კამპანიების დაფინანსებაზე, ეს ბრძოლა ნაკლებად იქნება გულწრფელი, თუ ნაბიჯები არ იქნება გადადგმული“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.