ანა დოლიძე: მოვუწოდებ ყველას, გამოამზეუროს მსგავსი ჯგუფური თავდასხმები

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისა და სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება, სადაც სალომე ზურაბიშვილი და ნინო ლომჯარია მუქარის შესახებ საუბრობენ.
ანა დოლიძე მიესალმება სახალხო დამცველისა და სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ყველა მუქარის შემცველი განცხადება უნდა გამოაშკარავდეს.
​ამასთან, ანა დოლიძე ამბობს, რომ განსხვავებული აზრის გამო ჩაგვრის ობიექტი, თავადაც არაერთხელ გამხდარა.
“მივესალმები საჯარო დისკუსიას ჯგუფურ ჩაგვრაზე. ეს ჯგუფური საჯარო თავდასხმები და მუქარა არის ძალიან გავრცელებული პრაქტიკა ჩვენს ცხოვრებაში და ბუნებრივია, თუ ასეთი მაღალი თანამდებობის პირები და მაღალი საჯარო მდგომარეობის ადამიანები ხდებიან მსგავსი თავდასხმების ობიექტები, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, თუ რა ხდება ქუჩაში, რა ხდება სკოლებში, რამდენად ხშირად არიან ახალგაზრდები, ბავშვები და უფრო მოწყვლადი ასაკის გოგონები, მსგავსი სახის თავდასხმის ობიექტები. ეს საკითხი წინა კვირას დავსვი, როდესაც მე თვითონ მივიღე მსგავსი შეურაცხყოფები, ჯგუფური მესიჯები და მე როდესაც გავხდი კოლექტიური თავდასხმის ობიექტი, მაგრამ მანამდე ერთი წლის წინ, როდესაც ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის საბჭოში განაცხადა, რომ ადგილი აქვს ჩაგვრას და ბულინგს.
გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თქვა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ჩვენ გაკეთებული გვაქვს განცხადებები, რომლებიც ეთერებით იყო გაჟღერებული. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი განცხადებებით მსმენელამდე მივიტანოთ ჩვენი აზრი, მაყურებლამდე და შემოვკრათ განგაშის ზარი, იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ განსხვავებულ აზრს, ისჯებიან და ხდებიან ანგარიშსწორების ობიექტები. მინდა ავღნიშნო, რომ შეურაცხყოფასა და ჩაგვრაზე გადადის მხოლოდ ის მხარე, რომელსაც გონივრული არგუმენტები არ აქვს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ გონივრული მსჯელობის შედეგად, ის წააგებს. ასეთ შემთხვევაში, მას რჩება ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც არის ჯგუფურ შეურაცხყოფაზე გადასვლა და ამ გზით აზრის გამომთქმელთან ანგარიშსწორება.
მოვუწოდებ ყველას, გამოამზეუროს მსგავსი ჯგუფური თავდასხმები. ჩემის მხრივ, მზად ვარ ყველას დავეხმარო” – აცხადებს ანა დოლიძე.
ცნობისათვის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით.
სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომ ჩაგვრის ობიექტი თავადაც არაერთხელ გამხდარა. ომბუდსმენი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები