ევროპარლამენტი საქართველოს სოხუმსა და ცხინვალში ევროკავშირთან ასოცირების უპირატესობების “გავრცელებისკენ” მოუწოდებს
ევროპარლამენტარებმა რეზოლუციის პროექტი მოამზადეს, რომელშიც საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების უპირატესობების ცხინვალისა და აფხაზეთის მცხოვრებლებზე “გავრცელებისკენ” მოუწოდებენ.
დოკუმენტის პროექტმა, ევროკავშირისა და საქართველოს შეთანხმების შესრულების პროცესის შესახებ, საერთაშორისო საქმეების კომიტეტში თანხმობა მოიპოვა და სტრასბურგში, მიმდინარე კვირის პლენარული სესიის დღის წესრიგშია შეტანილი.
“ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს მცდელობები არსებული დაბრკოლებების დასაძლევად და შეეცადოს გაავრცელოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის სარგებლობის შესაძლებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, ახალი შესაძლებლობების შესახებ კომუნიკაციების გაუმჯობესების გზით, რომელიც გამომდინარეობს ადგილობრივ დონეზე, სოციალური პროექტების სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებიდან “, – ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მცდელობას რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების შესახებ.
ცნობისთვის, დღესდღეობით, რუსეთ-საქართველოს შორის არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ არის, დიალოგი ქვეყნებს შორის მხოლოდ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში ნარჩუნდება. ორი ქვეყნის ურთიერთობა მაშინ გაიხლიჩა, როდესაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა. რუსეთის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ორი ყოფილი ავტონომიური ობიექტისთვის სუვერენიტეტის მინიჭება რეალობას ასახავს და განხილვას არ ექვემდებარება.