გიორგი ვაშაძე: სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე აირჩია გზა, რომ სამხედროებს და შეიარაღებულ ძალებს დაპირისპირებოდა

“ამ ქალბატონის მთავარი პრობლემაა ის, მან თავიდანვე აირჩია გზა, რომ სამხედროებს და ზოგადად, შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდება” – ამ სიტყვების ეხმაურება მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ზურაბიშვილსა და მის შვილებს ემუქრებიან.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ არსებობს მუქარის ფაქტები შესაბამისმა სამსახურებმა გამოიძიონ.
„ამ ქალბატონის მთავარი პრობლემაა ის, მან თავიდანვე აირჩია გზა, რომ სამხედროებს და ზოგადად, შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდება. როგორ შეიძლება, მთავარსარდალი იყოს. არ ვიცი რაზე საუბრობს. თუ არის მიწერ-მოწერა აუცილებლად უნდა გაარკვიოს შესაბამისმა სამსახურმა. აღვნიშნავ, რომ იგივე ძალადობის ფაქტზე, ახალქალაქში არაფერი მომხდარა ჯერ, ჩვენი შტაბის წევრებზე ძალადობას ვგულისხმობ. ამ განცხადებაზე კი, რაღაც სიუჟეტის შექმნას შეეცდება „ქართული ოცნება“. ჩვენ აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ყველანაირი პერსონალური ძალადობის. თუ რამე იყო სალომე ზურაბიშვილის მისამართით, გამოიძიონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისათვის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები