თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიაში იმყოფება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხორვატიაში იმყოფება. თეა წულუკიანს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი ხორვატიის იუსტიციის მინისტრ დრაჟენ ბოშნიაკოვიჩსა და საჯარო ადმინისტრაციის მინისტრ ლოვრო კუსკევიჩთან.
ორდღიანი ვიზის ფარგლებში სხვა არაერთი შეხვედრა და ღონისძიებაა დაგეგმილი. ხორვატ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანი და დრაჟენ ბოშნიაკოვიჩი ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და ხორვატიას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
იუსტიციის მინისტრი, აგრეთვე, შეხვდება ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ხელმძღვანელს და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ხორვატიის პოლიტიკასა და მიდგომებს გაეცნობა. თეა წულუკიანი შეხვედრას გამართავს ხორვატიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და ხორვატიის გენერალურ პროკურორთან.
ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი ხორვატიის პენიტენციურ დაწესებულებასაც მოინახულებს და სასჯელაღსრულების, რაებილიტაციის, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების ფუნქციონირებას გაეცნობა.