თბილისში დაიბადა. დაამთავრა თსუ გეოფიზიკოსის კვალიფიკაციით. სწავლობდა თსუ – მეორად ფაკულტეტზე ფერწერის მიმართულებით, მუშაობს პროგრამული უზრუნველყოფის ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ბავშვობიდან, ყველაზე თავშესაქცევ ამბად ხატვას მიიჩნევდა. ხატავდა ყველაფერზე – კედელსა და მაგიდაზე, მერხსა და დაფაზე, ფურცელსა და ტილოზე. ერთხელ რუსული ენის ლექტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას, აჭრელებული რვეული გადაათვალიერა და მეორად ფაკულტეტზე ჩაბარება ურჩია..
საფუძვლიანად გაიარა კურსი, თუმცა სამოქალაქო ომმა ბევრი რამ არია, მაგრამ ხატვის სურვილი არასოდეს დაუკარგავს. მუშაობს ფერწერაში, დაინტერესებულია რელიეფური ზედაპირებით…
ამბობს, რომ ხატვა მისთვის ფიქრის, სურვილის, მოგონებების, ოცნების და ბევრი სხვა ძლიერი ემოციისგან განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა.
თითოეული ნამუშევარი, რეალურად, ავტორის ცხოვრების ერთი გადაშლილი ფურცელია. – მხატვარ ირმა ბიბილურის პერსონა.
– ბავშვობიდან გიყვარდათ ხატვა…
– პატარა რომ ვიყავი, ფანქარს ხელიდან არ ვუშვებდი. ყველგან ვხატავდი – ხშირად ოჯახს გვარიანდ ვაწუხებდი, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი. პირველი ნახატები რაც მე მახსოვს და ახლაც შემორჩენილია კარებზე და ძველი ავეჯის ზედაპირზე, ცხოველები ან ზღაპრული არსებები არის, მაგრამ ყველა ნახატზე უცვლელად ფიქსირდებოდა დედა, მამა და შუაში ხელჩაკიდებული კიკინიანი გოგონა. ასეთი ვიყავი რეალურად, სულ კიკინებს მიკეთებდნენ.
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოფიზიკოსის კვალიფიკაციით დაამთავრეთ. რატომ ეს პროფესია?
– მეცნიერება ყოველთვის მაინტერესებდა და გეოფიზიკა ჩემთვის იმ ბუნებრივი სამყაროს ამოცნობის გზა იყო, რომელიც ეტყობა უნდა მეხატა. მაშინ ხელოვნება ჰობი იყო, მაგრამ ბუნების შესწავლა – სიღრმეში წვდომა – სულ მიზიდავდა.
– სტუდენტობა… პარალელურად სწავლობდით მეორად ფაკულტეტზე ფერწერის მიმართულებით. რით დაგამახსოვრდათ სტუდენტობის წლები?
– სტუდენტობა თავგადასავალი იყო – ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროში ვმოძრაობდი. ერთი იყო ზუსტი მეცნიერება, მეორე – ემოციებით სავსე ფერწერა. ეს წლები თავისუფლების, ძიების და საკუთარი თავის პოვნის პერიოდი იყო, მიუხედავად მძიმე 90-იანი წლებისა.
– გამოიარეთ მძიმე 90-იანები, ხატვის სურვილი კი არ გამქრალა… როდის დაუბრუნდით ინტენსიურად ხატვას?
– მიუხედავად სირთულეებისა, ხატვა არასდროს შემიწყვეტია, ხშირად სწორედ რთულ პერიოდში გეძლევა შანსი, უფრო გულწრფელად გამოხატო თავი. ინტენსიურად ხატვას იმ დროს დავუბრუნდი, როცა პატარა კუთხე მოვიპოვე ჩემი საქმიანობისთვის და დროის გამოყოფაც შევძელი.
– მუშაობთ ფერწერაში, დაინტერესებული ხართ რელიეფური ზედაპირებით… რატომ რელიეფური არტი?
– რელიეფური ზედაპირი მეხმარება, სიღრმე შევქმნა, ფერწერა მეტად ტაქტილური და ემოციური გახდეს. თითქოს არა მარტო ხედავ, მატერიალურადაც გრძნობ ნამუშევარს. ეს დამატებითი განზომილებაა – მოცულობისა და ფერის შერწყმა.
– ფერწერულ ტილოებში იყენებთ რელიეფურ აკრილის პასტას. როგორ შეიქმნა ეს პასტა?
– თავიდან ექსპერიმენტებით დავიწყე – სხვადასხვა მასალის შერევით ვცდილობდი საჭირო სტრუქტურა მეპოვა. აკრილის პასტა საბოლოოდ ჩემივე რეცეპტით ჩამოყალიბდა – ისეთი, რომ ტილოზე მსუყედ ჯდებოდეს და თან მოქნილობაც ჰქონდეს, ადვილად დამუშავებადი და სწრაფად შრობადი იყოს.
– ხატვამდე იცით, რას დახატავთ თუ პროცესის დროს ყალიბდება მიზანი?
– ზოგჯერ მოლოდინი მაქვს, ზოგჯერ უბრალოდ ემოციას მიჰყავს ხელი. წინასწარი ჩანაფიქრი დროდადრო იცვლება კიდეც – სურათმა შეიძლება თვითონ გითხრას, რა სურს. ეს პროცესი ჩემთვის დიალოგივითაა ტილოსთან. ნახატის შექმნის დინამიკის პირველი ეტაპი არის ტილოზე დატანილი საღებავის ლაქა.
– შთაგონება?
– ძალიან მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება, სხეულის ენა, მუსიკა, ყოველდღიური დეტალები, ემოციები… ზოგჯერ ერთმა მზის სხივმა კედელზე შეიძლება სრულიად ახალი იდეა მოიტანოს.
– ერთი ნახატის ისტორია…
– აი, მძიმე 90-იანი წლები ახსენეთ წეღან, მაგ წლებში ჩემი ოჯახი სოლოლაკში ცხოვრობდა, მიუხედავად არასტაბილური მდგომარეობისა, მაინც კარგად და ნოსტალგიურად მახსენდება ეგ დრო.
2023 წელს ქართველ-სომეხთა კავშირის ორგანიზებით ტარდებოდა სერგო ფარაჯანოვის სახელობის კონკურსი, ზოგადად, ფარაჯანოვის შემოქმედება ძალიან საინტერესო და ამაღელვებელია, ძალიან მიყვარს, ამიტომ მაგ თემატიკაზე ფიქრისას შეიქმნა ერთი ტილო დასახელებით – „ეზო“. ნამუშევარი კარგად შეფასდა და დააჯილდოვა 2022 წლის კონკურსის გამარჯვებულმა, თანამედროვე მხატვარმა და დღეს უკვე ჩემმა მეგობარმა ია არსენიშვილმა.
მოკლედ რომ ვთქვა, ეს ნახატი განსაკუთრებით გამორჩეულია ჩემთვის, რადგან ქალბატონი იას დამსახურებით გავიცანი უამრავი საუკეთესო მხატვარი და შევიყვარე მათი შემოქმედება.
– რომელ გამოფენას გამოარჩევდით?
– ყველა გამოფენა განსაკუთრებულია, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური იყო პარიზში, ლუვრის თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეში, ქართველი მხატვრების გამოფენა „არტ ექსპო პარიზი 2024“-ის ფარგლებში, სადაც ჩემი ხელოვნება სხვებს გავუზიარე.
– რაზე გწყდებათ გული?
– ხანდახან გული მწყდება, რომ ხელოვნებას საკმარის დროს ვერ ვუთმობ, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი ვერ იღებს სათანადო პლატფორმას თავის გამოსახატავად. გული მწყდება, ასევე, მეტად დაძაბული კომუნიკაციის არსებობაზე სოციალურ ქსელებში, აბუჩად აგდებაზე, სხვისი პირადი სივრცის უხეშად დარღვევაზე და ცუდისკენ მიმართულ შეფასებებზე, ეს ძალიან მაღელვებს.
– როდის ხატავთ?
– სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, ან დილით ადრე – როცა გონება თავისუფალია. შაბათ-კვირას, ხშირად, მთლიანად ხატვას ვუთმობ. ხანდახან შუა ღამითაც ვხატავ, თუ იდეა არ მომასვენებს.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ვმუშაობ ახალ სერიაზე, სექტემბერში, გერმანიაში დაგეგმილ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. ეს ნამუშევრები ბუნებრივ ფორმებს და ადამიანურ ემოციებს გააერთიანებს – ფერზე და ტექსტურაზე განსაკუთრებული აქცენტით.
– ჰობი…
– ხატვის გარდა მიყვარს მუსიკა, კინოხელოვნება და ფსიქოლოგია. ხეტიალიც მიყვარს, ლაშქრობაც – ბუნება ფაქტობრივად დედაა ყველა შთაგონებისა.
– ოჯახი…
– ოჯახი ჩემთვის საყრდენია. ჩემო ორივე ქალიშვილი ხელოვანია. უფროსი გამოყენებითი ხელოვნების სფეროშია, უმცროსი ფერმწერია, მეუღლე და დედაჩემი დაუფასებელი სიძლიერეა ჩემთვის.
– სამომავლო გეგმები…
– შრომა და შრომა, სწავლა და ისევ შრომა, ძალიან მინდა სახელოსნო მქონდეს.
თამარ შაიშმელაშვილი