ნათია თურნავა: საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, მაისში საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტია დაგეგმილი.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა.

„სავალუტო ფონდი ჩვენი ტრადიციული პარტნიორია. ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაჩნდა საქართველოში. რა თქმა უნდა, მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, გვინდა თუ არა ჩვენ ბიუჯეტისთვის მათგან ვისესხოთ და ბოლო პერიოდში ჩვენ ეს აუცილებლობა არ დაგვდგომია, მაგრამ მთლიანობაში, ზოგადად, სანდოობისთვის, ინვესტორების თვალში ყოველთვის კარგია, როდესაც სავალუტო ფონდი არის ძლიერად წარმოდგენილი ქვეყანაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა, სამწუხაროდ, იყო დაპაუზებული. მიმდინარეობს სხვა ფორმის თანამშრომლობა. ეს არის ე.წ. მეოთხე მუხლის მისია. ეს მისია ჩვენ გვესტუმრება უახლოეს დღეებში და იქაც ვიმსჯელებთ ყველაფერზე. ანუ, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში, დაგეგმილია უკვე თარიღები, მაისის ბოლოს იქნება, სადაც ყველაფერზე შეგვეძლება საუბარი. ტექნიკური დახმარების პროგრამები არ შეჩერებულა, მათ შორის, ეროვნული ბანკიც სარგებლობს უამრავი ტექნიკური დახმარების პროგრამით. ანუ, ეს მჭიდრო თანამშრომლობა სულ გრძელდება.

ჩვენ ვიდრე ახალ პროგრამაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა შევაფასოთ ეს დაპაუზებული, ფორმალურად მიმდინარე პროგრამის მდგომარეობა, რა შესრულდა, რა დარჩა ღია იმისთვის, რომ ეს საკითხები აღარ დაუდგეს წინ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ „ღამის კურიერის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები