ლაშა ხუციშვილი – სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართულ შეხვედრებზე: ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ დაფიქსირდა ძალიან მყარი მხარდაჭერა მიმდინარე და შეთანხმებული პროექტების მიმართ
ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ დაფიქსირდა ძალიან მყარი მხარდაჭერა მიმდინარე და შეთანხმებული პროექტების მიმართ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტნიორების მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
„აღნიშნულ მხარდაჭერას აქვს თავისი მიზეზი. ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოყოფილი იყო რამდენიმე ფაქტორი, კერძოდ – მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში ფიქსირდება ბოლო 4 წლის განმავლობაში (დაახლოებით, 9.5% ყოველწლიურად), ასევე, აღდგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელსაც ქვეყანამ რამდენიმე წელიწადში მიაღწია, რითაც ის გამორჩეულია, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. უსაფრთხო დონეზეა საბიუჯეტო დეფიციტი 2.4%-ის ფარგლებში, ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით არის 36%-ის ფარგლებში, ასევეა ინფლაციის მაჩვენებელი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ქვეყანამ მიაღწია მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და დღევანდელი ამოცანაა ამ მიღწევის შენარჩუნება. გამომდინარე აქედან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან დაფიქსირდა მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელსაც საქართველო ახორციელებს საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.