პროკურორი გორში, მამა-შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულზე: დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მას შემდეგ, რაც მჭიდში ტყვიები გამოელია, დაჭრილზე ფიზიკური ძალადობაც მოახდინა
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და პატიმრობის მოთხოვნაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საქმე ეხება გორში მამა-შვილის მკვლელობის ფაქტს, რომლის ფარგლებშიც დაკავებულ სერგო ახალკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის თქმით, ბრალდებულის მხრიდან სახეზე იყო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების საფრთხეები.
„საქმეში არის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ ამხელს ბრალდებულს. ასევე არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვა არაერთი ნივთმტკიცება, არის სამედიცინო დოკუმენტაციაც, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილებს აღენიშნებათ არაერთი ცეცხლნასროლი დაზიანება.
სხეულზე, 5-ზე მეტი გასროლაა ნაწარმოები. ამავე დროს, დადგენილია, რომ ბრალდებულს მჭიდში ტყვიები გამოელია, რის შემდეგ ფიზიკური ძალადობაც მოახდინა გარდაცვლილზე, საუბარია მამაზე და ამით დაასრულა მან თავისი ქმედება“, – განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აპრილს, გორში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამა-შვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.