რომან კაკულია ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღეზე: ყველა ხედავს, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია
“ერთი რამ ნამდვილად შედგა – მისი სახელი უკავშირდება გადაწყვეტილების მიღების უნარს, ყველა ხედავს, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღის შეჯამებისას, “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებათა შედეგი რა იქნება, ბოლომდე გარკვეული არ არის.
„რა თქმა უნდა, გაორმაგებულია ინტერესი ყოველი მისი სიტყვის, გადაწყვეტილების მიმართ. დასახელდა დაახლოებით 150 გადაწყვეტილება, რომელიც ტრამპმა მიიღო. ერთი რამ ნამდვილად შედგა – მისი სახელი უკავშირდება გადაწყვეტილების მიღების უნარს, ყველა ხედავს, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. თუმცა, ამ გადაწყვეტილებათა შედეგი რა იქნება, ბოლომდე გარკვეული არ არის და არაპროგნოზირებადი ადამიანის სახელიც მოჰყვა ამას.
აქ იკითხება მისი ხასიათის ის ნაწილი, რომ ის ასე იწყებს – აკეთებს მაქსიმალურ ზეწოლას, მერე აკვირდება და თუ შემდეგ ამ ზეწოლას არ მოჰყვება ისეთი შედეგი, შეიძლება, შეაქოს კიდეც და სხვა მხრიდან შემოუაროს. ანუ ის ნაცადი ტაქტიკით მოქმედებს. ამიტომ ასეთი შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის მთლად ახალი სტრატეგია არ არის“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.