სოზარ სუბარი: ბოლო 30 წლის განმავლობაში 150-ზე მეტი პარტია აიკრძალა ევროპაში, ოღონდ, ყველა ამ პარტიას ერთად აღებულს არ აქვს იმდენი დანაშაული ჩადენილი თავისი ხალხისა და სამშობლოს წინაშე, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“

ბუნებრივია, ძალიან ბევრი საქმე გადაიგზავნება პროკურატურაში. ზოგ საქმეზე ჯერ კიდევ არის ვადები იმისი, რომ თავიდან გაიხსნას გამოძიებები და კრიმინალებმა, დამნაშავეებმა აგონ პასუხი, – ამის შესახებ „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა.

სუბარმა უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას – რა იქნება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შედეგი.

„ძალიან ბევრი საქმეა ქონებრივ ზიანზე, ადამიანები რომლებიც არიან დაზარალებული და მათი უფლებები არ აღმდგარა და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი დასკვნა იქნება ის საფუძველი, რომლის შედეგადაც ძალიან ბევრი ადამიანის ქონებრივი უფლება აღდგება. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება პირველ რიგში და ეს პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინოს ქართულმა სახელმწიფომ. და ბოლოს, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება პარლამენტის მხრიდან, რომ ამ დასკვნის საფუძველზე შესაბამისი სარჩელით მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა და ყველა ის დამნაშავე ორგანიზაცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან წარმოიშვა, რათა მათ არ ჰქონდათ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება. ეს არის სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯი და ამის მაგალითები ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს; ბოლო 30 წლის განმავლობაში 150-ზე მეტი პარტია არის ევროპაში აკრძალული, ოღონდ ყველა ამ პარტიას ერთად აღებულს არა აქვს იმდენი დანაშაული ჩადენილი თავისი ხალხის და სამშობლოს წინაშე, რაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას ჩადენილი არა მხოლოდ ქართველების წინაშე, არა მხოლოდ საქართველოს წინაშე, არამედ ზოგადად ადამიანების და ადამიანურობის წინააღმდეგ. ეს არის დანაშაულები, რომლებიც უბრალოდ სცილდება ადამიანურობის ზღვარს და ამის გამო ბუნებრივია მისი აკრძალვის საკითხი უნდა დადგეს და დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უბრალოდ სხვა გზა არც ექნება, გარდა იმისა, რომ მიიღოს ეს ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები