ალეკო ცქიტიშვილი – სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე: ჩემი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი იყო სახლში და იქ არის მისი საქმიანობის, ცხოვრების ამსახველი ვიდეოები, ამ კომპიუტერთან დაკავშირებითაც ავუხსენი, დასხდნენ, ერთი საათი ნახეს ყველა ფაილი, შესაბამისად, ამ კომპიუტერს არ შეეხნენ
შეიძლება ითქვას, რომ ჩემთან დაკავშირებით საკმაოდ კორექტულად იქცეოდნენ. მე რაიმე არსებით დარღვევას ვერ გამოვყოფდი, – ასე შეაფასა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკა, გადაცემაში „ახალი ფორმულა“.
ცქიტიშვილის განცხადებით, სახლში ასევე იყო მისი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი, რომელიც მისი თხოვნის შემდეგ არ წაიღეს და მხოლოდ ადგილზე დაათვალიერეს მასში არსებული ინფორმაცია.
„ერთადერთი, რომ ჩემს მეუღლეს აუკრძალეს ვიდეო გადაღება, ანუ არა ლაივში ჩართვა, არამედ ვიდეო გადაღება იმ პროცესის და მე ვუთხარი, რომ ეს იყო უკანონო, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ ჰქონდათ შეზღუდვის უფლება, ნუ ეს შეიძლება საკამათო იყოს. მე ახლაც მიმაჩნია, რომ მეუღლეს ჰქონდა გადაღების უფლება, თუმცა, შემდეგ იყო რომ ძალით მოჰკიდეს ხელი და გადაუგრიხეს ამ შემთხვევაში მე თვითონაც ჩავერიე და დავაწყნარე სიტუაცია. მე მერჩია, რომ წყნარ სიტუაციაში ჩატარებულიყო ეს ჩხრეკა. ერთი ფაქტორი რაც იყო, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი იყო სახლში და იქ არის მისი საქმიანობის, ცხოვრების ამსახველი ვიდეოები და არ მინდოდა, რომ ამ კომპიუტერისთვის ასე მოეკიდათ ხელი და წაეღოთ ეს ჩემი გარდაცვლილი შვილის არქივი ასე დაკარგულიყო, ამიტომ მერჩია, რომ წყნარად ჩატარებულიყო. ამ კომპიუტერთან დაკავშირებითაც ავუხსენი, დასხდნენ ერთი საათი ნახეს ყველა ფაილი და დარწმუნდნენ, რომ ცენტრის და „ადამიანის უფლებათა სახლის“ საქმიანობის ამსახველი ფაილები იქ არ იყო, შესაბამისად, ამ კომპიუტერს არ შეეხნენ. ერთადერთი კიდევ რაც მოვითხოვე ადვოკატის თანდასწრება, თუმცა, ადვოკატს არ დაელოდნენ, მაგრამ მაინც დროულად მოვიდნენ ჩემი ორგანიზაციის იურისტები ნესტან ლონდარიძე და ეკა ქობესაშვილი ესწრებოდნენ სახლის ჩხრეკას და შესაბამისად, რაიმე პროვოკაციულ ქმედებას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.