სოზარ სუბარი: დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ „ნაცების“ ბუნება არ იცვლება, ზუსტად იმავეს გაიმეორებენ დღესაც, რასაც მაშინ აკეთებდნენ
სააკაშვილის პირადი შურისძიება რომ იყო, ის უშუალოდ რომ იყო ჩართული და მან რომ ყველაფერი იცოდა, ეს ჩანს იმ სატელეფონო საუბრებიდან, რომლებიც გამოქვეყნდა უკრაინულ ვებსაიტზე, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„ვინ და როგორ მოახერხა ჩაწერა, არ ვიცით მაგრამ, ეს ჩანაწერები გამოქვეყნდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და სადაც პირდაპირ ამბობენ, როგორ უნდა შეუთხზან ამათ რაღაც ბრალდებები, როგორ აგინებენ ცალკე აბდალაძეს, ცალკე გედენიძეს და აქედანაც ჩანს, რომ სააკაშვილი პირადად იყო დაინტერესებული მათი დასჯით.
თუმცა, დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ნაცების ბუნება არ იცვლება; აი, ასეთ შემზარავი ამბავს ვისმენთ აბსოლუტურად უდანაშაულო ჟურნალისტებზე, ვუსმენთ დედას, რომელსაც ემუქრებიან, რომ ისეთ რაღაცებს დაგიმონტაჟებთ, ფოტოშოპებს გავაკეთებთ თქვენი კომპიუტერებიდან ამოღებული მასალის საფუძველზე, რომ თქვენი შვილები შეგიძულებენ, შვილებს ვეღარ ჩახედავთ თვალებშიო და ამის შემდეგ იწყება სოციალურ ქსელებში მათი ბულინგი, ისევ მათი გინება. პრაქტიკულად გამოჩნდა, რომ ეს ადამიანები არ იცვლებიან, ზუსტად იმავეს გაიმეორებენ დღესაც, რასაც მაშინ აკეთებდნენ . ეს არის ყველაზე შემზარავი ალბათ, რაც ამ კომისიის მუშაობამ გამოაჩინა“, – აღნიშნა სუბარმა.
კითხვაზე – როგორ ხსნით იმას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დაბარებულები არიან საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, უარს ამბობენ ამ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე – სუბარმა ასე უპასუხა:
„როგორ უნდა მოვიდნენ? ერთი წუთით დავუშვათ, მაგალითად ვანო მერაბიშვილი მოვიდა, შოთა უტიაშვილი მოვიდა და მათ ეკითხები იმ ჩანაწერებზე, სადაც ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან და აგინებენ ამ ფოტოგრაფებს და მსჯელობენ, საქმის როგორი შეთხზვა იქნება უფრო უკეთესი, რომ ეს საქმე რაღაცნაირად ლეგალურ ჩარჩოში მოაქციონ. (ვერ მოაქცევენ მაგრამ მაინც) ამიტომაც, ისინი ბუნებრივი არ მოდიან და ისინი გადადიან შეტევაზე. კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ მათ არ აქვთ არანაირი სინანული. ერთადერთი სინანული რისიც აქვთ, ეს არის ის, რომ ბოლომდე ვერ მიიყვანეს საქმე ბოლომდე, ვერ მოსპეს ყველა მტერი, როგორ მოხდა, რომ ძალაუფლება წაართვა მათ ბიძინა ივანიშვილმა და ქართველმა ხალხმა და როგორ მაშინ არ გაუსწორდნენ ყველას, როგორ გამოუშვეს ცოცხლები თუნდაც იგივე ეს ფოტოგრაფები. აი, ამის სინანული აქვთ, სხვა არაფრის და ამბობენ, რომ დღესაც იმავეს გაიმეორებენ. ეს არის ყველაზე შემზარავი, რაც დღეს ჩანს მათი რეაქციებიდან“.