აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა და უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ განაცხადეს.
„აშშ-ის ხაზინის მდივანთან, სკოტ ბესენტთან ერთად ხელი მოვაწერე აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის შექმნის შეთანხმებას“, – აღნიშნა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნიან უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდს, რომლის მიზანი გლობალური ინვესტიციების მოზიდვა იქნება.
შეთანხმების ძირითადი დებულებები ასეთია:
- სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას. სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა მოიპოვოს. წიაღისეული რესურსები რჩება უკრაინის საკუთრებაში.
- აშშ-სა და უკრაინას შორის თანაბარუფლებიანი პარტნიორობა. ფონდი იქმნება 50/50-ზე პრინციპით და არცერთ მხარეს არ ექნება გადამწყვეტი ხმა.
- ეროვნული საკუთრება დაცულია. ხელმოწერილი შეთანხმება არ ითვალისწინებს ცვლილებებს პრივატიზაციის ან სახელმწიფო კომპანიების მართვის პროცესებში. ისეთი კომპანიები, როგორიცაა „უკრნაფტა“ ან „ენერგოატომი“, რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში.
- არავითარი ვალები. ხელმოწერილ შეთანხმებაში არ არის ნახსენები უკრაინის რაიმე ვალდებულებები აშშ-ის მიმართ.