სოზარ სუბარი – საგამოძიებო კომისიაზე: ძალიან ბევრი მსხვერპლი წამებისა უარს ამბობს მოსვლაზე, ზოგს ჯერ კიდევ ეშინია, ზოგს არ უნდა იმ ტკივილის განახლება

ძალიან ბევრი მსხვერპლი წამებისა უარს ამბობს მოსვლაზე, ზოგს ჯერ კიდევ ეშინია, ზოგს არ უნდა იმ ტკივილის განახლება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ადამიანი არის ზუგდიდელი ექიმი, რომელიც მუშაობდა გალში, ხელფასს უხდიდა საქართველოს ხელისუფლება და ოკუპირებული ტერიტორიის დე-ფაქტო ხელისუფლების ნებართვით მას ჰქონდა იქ გადასვლის უფლება.

„ჯაშუშობა რომ ჰქონდათ ბრალდება, დაიჭირეს, უსასტიკესად აწამეს. მის წამებაში მონაწილეობდა ერთი ადამიანი, თენგიზ გუნავა, რომელიც შემდეგში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. შემდეგ ეს ადამიანი წაიყვანეს ზღვისკენ, უთხრეს ბრძანება გვაქვს უნდა დაგხვრიტოთ და ზღვაში გადაგაგდოთო. ანაკლიასთან მისული, ტელეფონით მიიღეს ახალი ბრძანება, დააბრუნეთ უკანო. ამის შემდეგ არავის უშვებდნენ მასთან, არც ადვოკატს, არც არავის, სანამ დაზიანებები ცოტათი მაინც არ მოუშუშდა და ამის შემდეგ როდესაც გამოუშვეს, სამი თვე ჩვენ გვყავდა გადამალული, სახალხო დამცველის ოფისს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად. გლდანში გვქონდა ნაქირავები ოფისი და იქ იმალებოდა, ვმკურნალობდით და ა.შ. ასეთი სისასტიკეების ბევრი მსხვერპლი ჯერ კიდევ უარს ამბობს მოსვლაზე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ვინც ექიმის წამებაში მონაწილეობდა მეგის ქარდავა იყო.

„მეგის ქარდავა, ეს მწამებელი, საზიზღარი ადამიანი, დღეს რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იხდის სასჯელს, მონაწილეობდა ამ ექიმის წამებაში. დღეს გიორგი აბდალაძემ ახსენა „ქილერა“. მეტსახელად „ქილერა“ რომ ექნება ადამიანს და ასეთები ბევრნი იყვნენ იმ ხელისუფლებაში, „ქილერები“ და რა ვიცი. ადამიანი, რომელიც იყო დეპარტამენტის უფროსი, პირადად მონაწილეობდა ადამიანების წამებაში. ძალიან ბევრ საქმეზე მის მიმართ დამდგარია განაჩენი. ეს ადამიანი არის გაქცეული და ეს არის ადამიანი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა პირადად გადასცა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ჯილდო. ორი უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა. 2010 წელს ღირსების ორდენით და 2012 წელს, ფოტოგრაფების საქმის შემდეგ ის დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. ორდენით, რომლითაც მართლაც სამშობლოს დამცველები და მართლა საქართველოს გმირები არიან დაჯილდოებულები. ეს არის ადამიანი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებამ მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი. ეს არის სირცხვილი უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების და იმ ხელისუფლებისაც, რომელიც ამის წინ იყო. ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებოდნენ იმიტომ, რომ სწორედ მათ პერიოდში მიენიჭა მას ეს სტატუსი. პოროშენკოს ხელისუფლებას ვგულისხმობ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები