პუტინი – ყველაზე ორპირი ადამიანი უკრაინის კრიზისში

დღეს გერმანული გაზეთების მთავარი თემა უკრაინაა, კონკრეტულად კი უკრაინის აღმოსავლეთში მყოფი სეპარატისტების თხოვნა რუსეთის შემადგენლობაში მიღებისა და შანსების შესახებ, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და უკრაინის კონფლიქტის მოგვარების სხვა შუამავლები ყველა მხარის ,,მრგვალ მაგიდასთან“ შეკრებას და მოლაპარაკებების გამართვას ცდილობენ. მაგრამ არსებობს თუ არა ასეთი მოლაპარაკებების შანსი და და როგორია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის როლი ამ კრიზისში? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გერმანელი კომენტატორები ცდილობენ.
გაზეთ Suddeutsche Zeitung-ის ჟურნალისტმა დანიელ ბროსლერმა სათაურით ,,პუტინთან ერთად მრგვალ მაგიდაზე“ დაბეჭდა სტატია, რომელშიც საუბარია გაეროს ,,საგზაო რუკაზე“, რომელიც განიარაღებას, ძალის გამოყენებაზე უარის თქმას, დიალოგს და არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს. ისტორიამ უამრავი მაგალითი იცის, როდესაც ასეთ ,,მრგვალ მაგიდებს’’ წარმატებული შედეგები ჰქონდა “, – აღნიშნავს ავტორი. მაგრამ ვის შეუძლია უკრაინის შემთხვევაში კომპრომისებზე წასვლა?
,,პირველ რიგში, ეს კითხვა ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. იგი ყველაზე ორპირი ადამიანია უკრაინის კრიზისში. მსოფლიოს არენაზე გამოდის სახელმწიფო მოღვაწედ, ყველას დამცველად, ვისაც ავიწროვებენ უკრაინის აღმოსავლეთში. მაგრამ თავისივე ქვეყანაში შუღლის გამჩაღებლად და აგიტატორად მოქმედებს. სწორედ ის არის შეიარაღებული აჯანყების მაპროვოცირებელი და, დიდი ალბათობით, ორგანიზატორიც. სინამდვილეში საუბარია არა იმაზე, შესაძლებელია თუ არა კომპრომისის მიღწევა ,,მრგვალ მაგიდასთან“ , არამედ იმაზე, იქნება თუ არა ეს პუტინის ინტერესებში.
დასავლეთის მთელი ძალისხმევა მიმართულია 25 მაისს უკრაინაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისკენ, იქითკენ, რომ ქვეყნის სათავეში იყოს ლეგიტიმური და ყველასგან აღიარებული ხელმძღვანელობა. მაგრამ თუკი პუტინი, თუნდაც ეკონომიკური სანქციების მუქარის ქვეშ, სიტყვებით დაეთანხმება არჩევნების ჩატარებას, საქმით მაინც ყველანაირად ეცდება მის ჩაშლას“,- წერს დენიელ ბროსლერი.

ევროპის პოლიტიკური რუკის ცვლილებები

,,სეპარატისტის დროა“,- ასე დაასათაურა თავისი სტატია გაზეთ Frankfurter Allemeine-ის ჟურნალისტმა დიტერ ფრანკენბერგმა. მას მიაჩნია, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ,,რეფერენდუმს“ თავისუფლად შეიძლება ფარსი ეწოდოს. თუმცა, მეორე მხრივ, ეს კარგად აჩვენებს, თუ რა ახლოს არის ქვეყანა გახლეჩვასთან. ავტორის აზრით, მისი მოუქნელი ანტიტერორისტული ოპერაციების გამო დანაშაული ნაწილობრივ უკრაინის დროებით მთავრობასაც მიუძღვის, მაგრამ შესაძლებელია, რომ ამ ხელისუფლებისგან უმოქმედობას ელოდო, როდესაც ქვეყანას ნაწილებად შლიან? ამ კითხვაზე მკვეთრი პასუხი მოსკოვმა ჩეჩნეთის ორი ომით გასცა – წერს დიტერ ფრანგბერგი.
,,იქნებ ყველაფერი, რაც მოსკოვის მითითებებით ხდება, მიმდინარე მანევრებია? მათი მიზანი კი არა უკრაინის სხვა ტერიტორიების ანექსია, არამედ მთელი უკრაინის ფედერალიზაციაა? ეს მოსკოვს შესაძლებლობას მისცემს, მეზობელ ქვეყნებზე მაქსიმალური გავლენა მოახდინოს. თუ არის შანსი, რომ ,,მრგვალი მაგიდა“ შეაჩერებს შეიარაღებული კონფლიქტისგან გამოწვეულ კატასტროფას, მისი ჩატარება ღირს. მოლაპარაკებების დროს საჭიროა უცებ მივხვდეთ, თუ რას გულისხმობენ სეპარატისტები და მათი მფარველები დიალოგში: ფედერალიზაციას, ავტონომიას თუ გამოყოფას? ერთი რამ უკვე ცხადია: აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური რუკა იცვლება, მაგრამ ეს არა ცივილიზებული, არამედ თავხედური მეთოდებით ხდება“,- წერს დიტერ ფრანკენბერგი სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები