კერსტინ ლუნდგრენი უკანონო ბორდერიზაციაზე: შვედეთში როდესაც დავბრუნდები, ხალხს გავაგებინებ რა ხდება
“ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ოკუპაცია გრძელდება და ახალი მავთულხლართების გაბმა ქართველ ხალხს ჰყოფს”, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებელმა, კერსტინ ლუნდგრენმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შექმნილი ვითარების შესახებ ევროპის საბჭოს ეცნობება.
„ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ოკუპაცია გრძელდება და ახალი მავთულხლართების გაბმა ქართველ ხალხს ჰყოფს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს მიუღებელია. ჩვენ ამას ვგმობთ. ეს ცხადყოფს იმას, თუ როგორ უშვებს რუსეთის ხელისუფლება ბორდერიზაციას, ხელოვნური ბარიერების აგებას ქართველ ხალხს შორის.
ჩვენ, როგორც მომხსენებლები, გადავცემთ ამას ევროპის საბჭოში. შვედეთში როდესაც დავბრუნდები, ხალხს გავაგებინებ, რა ხდება, ვინაიდან ვფიქრობ, რომ უნდა იცოდნენ. ის, რაც საქართველოში ხდება, არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა კერსტინ ლუნდგრენმა.
ცნობისთვის, სოფელ ატოცში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართების მონტაჟი მიმდინარეობს.