ატოცში, სადაც ე.წ. მესაზღვრეები უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ, ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა (ვიდეო)

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟი განაახლეს. ადგილზე, ვითარების გასაცნობად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთი ციხელაშვილი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ჩავიდნენ.
“ეს სამარცხვინოა, ეს არის 21-ე საუკუნესთან შეუთავსებელი მოცემულობა, რუსეთი ამით წარმატებას ვერ მიაღწევს. ალბათ, დროა, რომ ეს კრემლშიც გააცნობიერონ, სადაც გეგმავენ და ამ ჯარისკაცებს ასეთი სახის სამუშაოების ჩატარებას ავალებენ საქართველოს შუაგულში”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი.
„ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები