“ოჯახური ძალადობის გახშირებული შემთხვევები ქართველი მამაკაცების არარეალიზებულობაზე მიუთითებს”
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოჯახური ძალადობის რამდენიმე გახმაურებული ფაქტი გამოვლინდა. მეუღლეებსა თუ ყოფილ მეუღლეებს შორის ძალადობის ფაქტები ქმრის მიერ ცოლისთვის სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებით, ასევე მკვლელობებით დასრულდა. ფსიქოთერაპევტი მზია დალაქიშვილი მიიჩნევს, რომ ძალადობის გახშირებული შემთხვევები ქართველი მამაკაცების არარეალიზებულობაზე მიუთითებს – ხშირად ისინი მათი მეორე ნახევრების საზოგადოებაში გააქტიურებას ვერ ეგუებიან.
„სტატისტიკის მიხედვით, დღეს ქალები მამაკაცებზე ბევრად უფრო მეტს შრომობენ. მათ მოახერხეს საკუთარი თავის წარმოჩენა, დედობას მუშაობას უთავსებენ და ასევე ხშირია, როდესაც ისინი ოჯახებს ინახავენ. ეს არარეალიზებულ კაცში იწვევს აგრესიას, რისი გამოვლინებაც ძალადობის ფორმით ხდება “, – აღნიშნავს „კვირასთან“ საუბრისას დალაქიშვილი.
როგორც ფსიქოლოგმა განმარტა, მამაკაცებში აგრესიას იწვევს ფაქტი, რომ მათ ყოფითი პრობლემების მოგვარების ძალა არ შესწევთ, აცნობიერებენ საკუთარ უუნარობას, რის შემდეგაც მათზე ფიზიოლოგიურად უფრო სუსტი პირი, მეუღლე ძალადობის მსხვერპლი ხდება.
„ძალადობის გამოვლინება, პირველ რიგში, განპირობებულია არარეალიზებულობით. ქართველი მამაკაცები აგრესიას როგორც საკუთარი თავის, ისე გარემოს მიმართ ავლენენ. მათ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად არ ჰყოფნით საკუთარი შესაძლებლობები. ერთი მხრივ – გარემოს, ხოლო, მეორე მხრივ – ადამიანის უუნარობა, უფუნქციობა იწვევს ძალადობას. არარელიზებული ადამიანი ყველაზე საშიშია, რადგან ამ დროს ძალიან ბევრი ენერგია გროვდება, რომელიც არასწორად არის მიმართული, ხშირად ის აგრესიის ფორმით რეალიზდება. ასეთი ადამიანები თავისზე სუსტს ეძებენ, ვისთანაც რაღაც ფორმით თავის დაიმკვიდრებენ“, – აღნიშნავს ფსიქოთერაპევტი.
ფსიქოლოგების თქმით, როგორც წესი, მამაკაცები საკუთარი ცოლების მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო საპატიმროებში ხვდებიან, თუმცა მათი გათავისუფლების შემდეგ ოჯახებისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენენ. ამასთან, შესაძლოა, დანაშულის ჩამდენი მამაკაცი მეუღლის მიმართ კიდევ უფრო მეტი აგრესიით, ან შურისძიების სურვილით გამოირჩეოდეს, რადგან მას ცოლის გამო საპყრობილეში ყოფნა მოუწია.
როგორ უნდა მოიქცეს ძალადობის მსხვერპლი ოჯახი და ინდივიდი მაშინ, როდესაც მას განმეორებითი საფრთხე ემუქრება?
როგორც „კვირასთან“ იურისტი კახა კახიშვილი განმარტავს, საქართველოს კანონმდებლობა დაზარალებულის დაცვის პროგრამებს ითვალისწინებს, რომლითაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სარგებლობა. მისი თქმით, როდესაც პროკურორი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პერიოდში მიდის დასკვნამდე, რომ დაწყებული კონფლიქტი შესაძლებელია კვლავ განმეორდეს, ის დაზარალებულს დახმარებას სთავაზობს. პოტენციურ მსხვერპლს შეუძლია გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მისი უფლებების დაცვისთვის მიმართოს.
„როდესაც ხორციელდება ძალადობა და არსებობს საფრთხე, რომ ძალადობის მსხვერპლი კვლავ მსხვერპლად იქცეს, მაშინ გამოძიების მწარმოებელმა ორგანომ აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები. დაზარალებულის დაცვის პროგრამებს ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს. თუ პროკურორი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პერიოდში მივა დასკვნამდე, რომ დაწყებული კონფლიქტი შესაძლებელია კვლავ განმეორდეს, ან უფრო მძიმე შედეგით დამთავრდეს, ამ შემთხვევაში ის ვალდებულია დაზარალებულის, ან მოწმის უფლებები დაიცვას“, – განმარტა იურისტმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ოჯახური ძალადობის არაერთი მძიმე ფაქტი გამოვლინდა: 14 მაისს ვარკეთილში მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს 7 ტყვია ესროლა, რის შემდეგაც 27 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. 17 მაისს გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ 54 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე დანით დაჭრა, ხოლო 22 აპრილს ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა გოგონა ვაკის პარკთან დაჭრა.
ნიცა ბუხნიკაშვილი