ვახტანგ ტაბლიაშვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ

რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით რეჟისორის ვაჟის, გივი ტაბლიაშვილის სცენარზე რეჟისორები: შალვა შენგელი და ნინო ტაბლიაშვილი გადაიღებენ დოკუმენტურ ფილმს „რეჟისორი“.
ქართველი მაყურებელი ფილმის დასრულებულ ვერსიას 2014 წლის შემოდგომაზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერით იხილავს.
შეგახსენებთ, რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი ვახტანგ ტაბლიაშვილი ერთნაირი წარმატებით მუშაობდა დრამატულ თეატრში, კინოსა და ოპერაში. იგი (შალვა გედევანიშვილთან ერთად) ყველა დროის საუკეთესო ქართული ფილმის – „ქეთო და კოტეს“ რეჟისორი იყო. 1939-1966 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი და მთავარი რეჟისორი. მის დადგმათა რიცხვში შედის: ლ. არდაზიანის “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” (საკუთარი ინსცენირებით), ლ. გოთუას “დავით აღმაშენებელი”, უ. შექსპირის “რომეო და ჯულიეტა”, ალ. ყაზბეგის “მოძღვარი” (საკუთარი ინსცენირებით), ვ. კალანდაძის “მაია წყნეთელი” და სხვა. 1956-1965 წლებში ტაბლიაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარ რეჟისორად მუშაობდა. აქ მან დადგა ზ. ფალიაშვილის “დაისი”, მ. ბალანჩივაძის “დარეჯან ცბიერი”, ჯ. ვერდის “ტრუბადური” და სხვა. მისი დადგმები განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები