პოროშენკო რუსეთს უკრაინული ავიაციით ემუქრება
რუსეთს ძვირი დაუჯდება, თუ კი უკრაინას დაარტყამს, – ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ “ჩისტოე ნებო -2018”-ის სწავლებაზე განაცხადა.
აღნიშნული უკრაინის პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
“ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მდგრად და სანდო პოზიციას, რომელსაც ჩვენი პარტნიორები აშშ-სა და NATO-დან მხარს უჭერენ. ჩვენ არ ვეკითხებით რუსეთს, რა გავაკეთოთ ჩვენს ქვეყანაში,” – წერს პოროშენკო სოციალურ ქსელში.
პოროშენკოს პოსტზე მიმაგრებულ ვიდეოში ლიდერი ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბევრი რამ შეიძლება ასწავლონ NATO-ს სამხედროებს, ვინაიდან ისინი რუსული ჰიბრიდული ომის წესებით იბრძვიან.
საავიაციო სწავლება “ჩისტოე ნებო-2018” უკრაინაში, ხმელნიცკის რაიონში 8-დან 19-ოქტომბრამდე ტარდება. სამხედრო სწავლებაში NATO-ს წევრი ქვეყნებიც იღებენ მონაწილეობას: ბელგია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ესტონეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი და აშშ.