ეკა სეფაშვილი: დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ის რეკომენდაციები, რაც მათ გასცეს, ახლა არ ვარგა,  რეალურად კი, განა არ ვარგა, უბრალოდ ფარულად ვეღარ შეძლებენ მავნებლური საქმიანობის დაფინანსებას

„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე საუბრისას საქმე არ ეხება მათი უფლებების დაცვას – ეს უფლებები დაცულია და ეს გაგრძელდება კიდეც. უბრალოდ დასრულდა ეს ზეწოლა, რომელიც ჩვენზეც იყო და სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის მხრიდან კვლავ განმეორდა ეს ზეწოლა, როცა მოითხოვეს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში კანონი არ ეხება ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებს, ის იცავს ოჯახურ ღირებულებებს და რაც მთავარია, არასრულწლოვანებს მავნე პროპაგანდისგან.

„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე საუბრისას საქმე არ ეხება მათი უფლებების დაცვას – ეს უფლებები დაცულია და ეს გაგრძელდება კიდეც. უბრალოდ დასრულდა ის ზეწოლა, რომელიც ჩვენზეც იყო და სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის მხრიდან კვლავ განმეორდა ეს ზეწოლა, როცა მოითხოვეს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა. თუმცა, ეს ადამიანები და ქვეყნის შიგნით ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ურევენ უფლებების დაცვას და პროპაგანდის აკრძალვას. კანონი სწორედ ამ უკანასკნელს ეხება. ამას სპეციალურად ურევენ, არა იმიტომ, რომ არ ესმით, არამედ სპეციალურად, მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად ამბობენ, თითქოს ლგბტ თემის უფლებების უგულებელყოფა ხდება. სინამდვილეში საუბარი ეხება ოჯახური ღირებულებების და რაც მთავარია, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვას, იმიტომ, რომ ამ პროპაგანდამ გამოიწვია უცხოეთში ამ თემის წარმომადგენელთა რიცხვის პროცენტულად არაბუნებრივი ზრდა, რაც ჩვეულებრივ ბიოლოგიურ ვარიაციებს არ ემთხვევა,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატმა ისაუბრა კიდევ ერთ კანონზე, რომლის გაწვევაც ევროკავშირის მხრიდან გარკვეულმა ძალებმა გააჟღერეს. სეფაშვილის თქმით, საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, რომლის ირგვლივაც ამ დრომდე არ არსებობს არგუმენტი, თუ რატომაა გამჭვირვალობა ცუდი.

„მეორე კანონი, რომლის გაწვევასაც ითხოვენ „გამჭვირვალობის კანონია”, რომელზეც ვერავინ ასაბუთებს, რატომაა გამჭვირვალობა ცუდი. არადა, 2016 წელს სწორედ ევროკავშირმა შემოგვთავაზა პროექტი, რომელშიც რეკომენდაციად მოცემული იყო მსგავსი კანონის შემუშავება საქართველოში, რათა უფრო ღია ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. 2020 წელს კი, ევროსაბჭოს ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, როგორიცაა „მანივალი”, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მონიტორინგს ახორციელებს, მოგვცა რეკომენდაცია, რომ არასამთავრობო სექტორის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მომხდარიყო. ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ ის რეკომენდაციები, რაც მათ გასცეს, ახლა არ ვარგა. რეალურად კი, განა არ ვარგა, უბრალოდ ფარულად ვეღარ შეძლებენ იმ საქმიანობის დაფინანსებას, რაც არ შედის საქართველოს ინტერესებში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მავნებლობას სჩადიან, იმიტომ სურთ, რომ დაფინანსება იყოს დამალული.

ასე რომ, მომავალში თვისობრივი გადახედვა მოხდება საქართველოს აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების და ამისათვის დარჩება კიდევ ერთი მოვლენის დასრულება საჭირო. ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც ძალიან მალე დამთავრდება. ყოველივე ამის შემდეგ თანაბარუფლებიანი, პარტნიორული და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მართული საგარეო პოლიტიკა იქნება ჩვენი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში – მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები