ისტორია კაცზე, რომელმაც მთელი ტყე მარტომ გააშენა
სამყაროში, სადაც სულ უფრო მეტად ნადგურდება ტყეები და ბუნებრივი გარემო, ჯადავ პაენგის ისტორია იმედის ნათელი შუქურაა. „ინდოეთის ტყის კაცის“ სახელით ცნობილმა ჯადავმა მარტომ გარდაქმნა ინდოეთის უნაყოფო მდინარის კუნძული აყვავებულ ტყედ, სადაც ველური ბუნება ხარობს.
1979 წელს, ასამში, მაჯულის კუნძულს დამანგრეველი წყალდიდობა დაატყდა თავს, რამაც მიწაც გაანადგურა და მცენარეულობაც. 16 წლის ჯადავ პაენგმა პირადად დაინახა საშინელი ბუნებრივი კატასტროფის შედეგები და გაიაზრა, თუ როგორ გამოიწვია ამ ყველაფერმა ფლორისა და ფაუნის ტრაგიკული დანაკარგი. შემდეგ კი გადაწყვიტა, ყველაფერი საკუთარ ხელში აეღო.
მან მდინარე ბრაჰმაპუტრას უნაყოფო ნაპირებზე ბამბუკის ნერგების დარგვა დაიწყო. ეს თავდაპირველი ძალისხმევა ყველაფრის ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო.
მომდევნო ოთხი ათწლეულის განმავლობაში, ჯადავმა ხეების დარგვა განაგრძო. ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, ის დამოუკიდებლად ზრუნავდა ნერგებზე, იცავდა მათ და მცენარეების ზრდის პროცესს აკვირდებოდა. მისმა თავდადებამ უნაყოფო მიწა მკვრივ, 1300 ჰექტარ ტყედ გადააქცია, რომელსაც შემდგომ მისი სახელი ეწოდა. დღეს, ტყეში ბინადრობს ველური ბუნების წარმომადგენლების მთელი რიგი, მათ შორის, ბენგალური ვეფხვები, სპილოები, ირმები და უამრავი ფრინველი. ჯადავის თავდადებამ ამ მხარეში ბიომრავალფეროვნება აღადგინა, რამაც ადგილობრივი ეკოსისტემის დაბალანსებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
თავდაპირველად, ადგილობრივი საზოგადოება სკეპტიკურად უყურებდა ჯადავის წამოწყებას და მას ექსცენტრიულად თვლიდა. თუმცა, როგორც კი ტყე გაიზარდა, დამოკიდებულებები შეიცვალა. დღეს ხალხი პატივს სცემს მის გადაწყვეტილებას, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
მიუხედავად აღიარებისა, ჯადავი თავმდაბალი ადამიანია. ის უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს პატარა ქოხში, ტყის შიგნით და ხეების დარგვას აგრძელებს.