BBC: მეტ გეტცი ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო არჩევანია

დონალდ ტრამპის მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მეტ გეტცის წარდგენა ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გადაწყვეტილებაა მის ახალ მინისტრთა კაბინეტში,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნიჭიერი და მიზანდასახული იურისტი მეტ გეტცი დაიცავს ქვეყნის საზღვრებს, გაანადგურებს კრიმინალურ დაჯგუფებებს და აღადგენს იუსტიციის სამინისტროსადმი ამერიკელების შერყეულ ნდობას.

გამოცემის ცნობით კი, გენერალური პროკურორის პოსტზე საეჭვო რეპუტაციის კონგრესმენია არჩეული. ამერიკული მედიის თანახმად, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გეტცის კანდიდატურა სადავო გახდება, რადგან მის მიმართ 2020 წლიდან არსებობს ეჭვები ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციასთან სავარაუდო კავშირის, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გამოყენების და ქრთამის აღების შესახებ.

იუსტიციის სამინისტრომ გამოძიების საფუძველზე უარი თქვა კონგრესმენისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენაზე, თუმცა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომისიაში 2021 წლიდან გეტცის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. თავად კონგრესმენი ყველა ბრალდებას უარყოფს.

იუსტიციის მინისტრად და გენერალურ პროკურორად გეტცის დანიშვნას სენატის თანხმობა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები