ხელოვნების სასახლეში ახლად რესტავრირებული საგამოფენო დარბაზები გაიხსნა
საქართველოს ხელოვნების სასახლეში ახლად რესტავრირებული რვა საგამოფენო და ისტორიული დარბაზი გაიხსნა. რეაბილიტაციის პროცესი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. რეაბილიტაციის პერიოდში სასახლის კედლებზე აღმოჩნდა უძველესი მხატვრობის ფრაგმენტები, რომლის მეშვეობითაც მხატვარ-რესტავრატორებმა საგამოფენო დარბაზებს პირვანდელი სახე დაუბრუნეს.
აღდგენილია დავით არსენიშვილის, რევაზ ლაღიძის, ჯორჯ ბალანჩინის, ქართული თეატრისა და სვეტებიანი დარბაზები. სასახლის სვეტებიან და თეატრის საგამოფენო სივრცეში განთავსდა მუზეუმის ფონდებში დაცული თეატრის უნიკალური ისტორიის ამსახველი ექსპონატები: კოსტიუმები, მემორიალური ნივთები, პარტიტურები, ხელნაწერები, აფიშები, ფოტოები, ასევე, ცნობილი ქართველი მხატვრების – პ. ოცხელის, გ. გაბაშვილის, ს. ქობულაძის, ელ. ახვლედიანის, ი. გამრეკელის, კ. ზდანევიჩისა და სხვათა გრაფიკული და ფერწერული ტილოები.
რევაზ ლაღიძის საგამოფენო დარბაზში, სხვა ექსპონატებთან ერთად, წარმოდგენილი იყო კომპოზიტორის მემორიალური როიალიც, რომელზეც უკვდავი ქართული სიმღერა ,,თბილისო” შეიქმნა. სასახლის პირველ სართულზე, ჯორჯ ბალანჩინის დარბაზში, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მხარდაჭერით,”ნიუ-იორკ სითი ბალეს’” ფოტოგრაფის, პაულ კოლნიკის ნამუშევრები გამოიფინა, რომელიც ბალანჩინის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას ეძღვნება.