დავით ჭიჭინაძე: „ქართული ოცნების“ ფრაქციაში ჯდომას, სჯობს „პატრიოტთა ალიანსში“ ვიჯდე, ისინი მაინც ალმაცერად მიყურებდნენ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ დროებით შეუერთდა. ამის შესახებ ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ის დაეხმარა „პატრიოტთა ალიანსს“, რათა მათი ფრაქცია არ დაშლილიყო. დეპუტატი განმარტავს, რომ ფრაქციას მისი ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის თხოვნით შეუერთდა.
„ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება. ვთვლი, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც 2012 წელს, 2016-შიც აქტიურად იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ, იდგა საშიშროების წინაშე, რომ დაშლოდათ ფრაქცია,  ფრაქციაში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევედი.

რატომ დროებით? იმიტომ, რომ ვთვლი, ამ პარლამენტმა თავისი როლი ამოწურა საერთოდ და ნებისმიერი საღად მოაზროვნე დეპუტატი უნდა ხვდებოდეს, რომ ჩვენ ვიმყოფებით აბსოლუტურად კრიზისულ სიტუაციაში, ამას აჩვენებს დღევანდელი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, რამდენად მძიმედ მიდის, არ არის გამოკვეთილი ლიდერი. ყველა დეპუტატმა უნდა იმუშაობს იმაზე, რომ იყოს ვადამდელი საპარლამეტო არჩევნები. ქვეყანაში კრიზსისია, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო.
ჩვენ შეთანხმებული ვართ, საგაზაფხულო სესიამდე დავეხმარე მათ, რომ არ დაშლილიყო ფრაქცია. ვთვლი, რომ ტრიბუნა უნდა ჰქონდეს ოპოზიციას. დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ვიჯექი „ქართული ოცნების“ ფრაქციაში, „ქართული ოცნების“ ფრაქციაში ჯდომას, ჯობია „პატრიოტთა ალიანსში“ ვიჯდე, იმათ მაინც არ ვჭირდებოდი, ალმაცერად მიყურებდნენ, დაისვენეს ეტყობა. სააკაშვილის ფრაქციას რომ ეთხოვა, ან ბოკერიასას, რა თქმა უნდა, არ შევიდოდი“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, ის მხარს უჭერს რეზოლუციას, რომელიც „საქართველოს პატრიოტებმა“ სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების მოთხოვნით, პარლამენტში წარადგინეს.
„ეს პერიოდი მოითხოვს შეფასებას. ეს შეფასება არ მგონია, დადებითი იყოს. ეს აუცილებელია. ჩვენ, სამწუხაროდ, არაფერს ვაფასებთ, გვინდა, ყველამ ახალი ფურცლიდან დაიწყოს, მაგრამ ცხოვრება არ იძლევა მაგის საშუალებას, ყველაფერი გაგრძელებადია. შეფასება რომ მომხდარიყო, კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ მოხვდებოდნენ „ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დაშლის საფრთხის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც ნატო ჩხეიძემ ფრაქცია დატოვა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები