რეგიონული მუზეუმების თანამშრომლების დაჯილდოება
მუზეუმის საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საპატიო სიგელებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მუზეუმების ღვაწლმოსილი და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება მუზეუმის საერთაშორისო დღეს 1977 წლიდან, ყოველ 18 მაისს აღნიშნავს. ამ დღისათვის მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მრჩეველთა საბჭო მუზეუმებს სთავაზობს ერთ კონკრეტულ თემას, რომელიც, ძირითადად, საზოგადოებაში მუზეუმების როლის გაზრდას ემსახურება. 2013 წელს ხუთი კონტინენტის 143 ქვეყნის 35 000-ზე მეტმა მუზეუმმა მუზეუმის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებით აღნიშნა.
საქართველოს სამუზეუმო საზოგადოება, ტრადიციულად, უერთდება მუზეუმის საერთაშორისო დღეს. მუზეუმების კვირეულის ფარგლებში 200-ზე მეტ მუზეუმში განახლებული ექსპოზიციების, ახალი გამოფენების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვადასხვა ტიპის კულტურული აქციის პრეზენტაციები მოეწყობა.