კახეთში, ღვინის ფესტივალზე 4 მეტრი სიგრძის ჩურჩხელას ამოავლებენ

კახეთში, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე გიგანტურ ჩურჩხელას ამოავლებენ. ამასთან დაკავშირებით ტურისტული კომპანია „გრანდ თრეველ გრუპის“ დამფუძნებლებმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს უკვე მეორედ იმართება. წლევანდელი 13 ოქტომბერს იქნება. წლევანდელი, ვფიქრობ, უფრო მეტად ნოვაციური, განსხვავებული და სახალისო იქნება, ვინაიდან მსოფლიოში ყველაზე დიდ, გიგანტურ ჩურჩხელას ამოვავლებთ. იქნება 4 მეტრი ზომის.
ტურისტული კომპანია „გრანდ თრეველ გრუპის“ ინიციატივით და გურჯაანის თვითმართველობის მხარდაჭრით ხორციელდება ეს პროექტი. მონაწილეობის მიღება, რა თქმა უნდა, სტუმრებსაც შეეძლებათ. ყურძენს ადგილზევე დავწურავთ, თათარასაც იქვე დავამზადებთ და ჩურჩხელასაც მათ თვალწინ ამოვავლებთ. ჩვენი პროექტის მიზანია ქართული კულტურის გაცნობა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზიაცია როგორც ქართველი, ისე უცხოელი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა თამარ დოლიძემ.
„გრანდ თრეველ გრუპის“ დამფუძნებლის, დავით დოლიძის თქმით, ფესტივალზე მოწვეულები არიან უცხოელი ტურისტები, კომპანიის პარტნიორები.
„ჩვენი ტურისტული კომპანია ცოტა ხნის წინ დაარსდა, თებერვალში.
ეს ჩვენი პირველი, ნოვაციური პროექტია, ჩურჩხელის. ასევე სხვა ნოვაციური პროექტები გვაქვს, რაზეც ვმუშაობთ, ესენია ექსტრემალური, ინდუსტრიული ტურიზმის აღორძინების პროექტები, რაც საქართველოში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ მოკლე დროში შევძელით ძალიან ბევრ, სხვადასხვა, ჩვენს კოლეგა, საზღვარგარეთის ტურისტულ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება, მოწვეული გვყავს სტუმრები რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ევროპიდან. სასურველი იქნება დაესწროთ, ნახოთ ეს, მსოფლიოში პირველად ხდება 4 მეტრამდე ჩურჩხელის ამოვლება“, – განაცხადა დავით დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები