კრწანისის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

“საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA”- ში კრწანისის რაიონის გამგებლის, ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობითა და „საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA”-ს ჩართულობით, თბილისის მასშტაბით მერვე დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ფორუმის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ერთობლივი ფორუმების ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა. ჩუღურეთის, გლდანის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, ნაძალადევის და სამგორის შემდეგ, დასაქმების ფორუმს კრწანისის რაიონმა უმასპინძლა. ამჯერად, დამსაქმებლებმა სხვადასხვა სფეროდან შრომის ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინეს. ფორუმზე 25-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი ვაკანსიით წარსდგა. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო, საბანკო და სხვა სფეროდან.
დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების, სერვისების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია სამუშაოს მაძიებლებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ბეზარაშვილმა მიაწოდა. კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ ერთობლივად ორგანიზებული ფორუმის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ სასიკეთო შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
ფორუმის მასპინძელმა „საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA“-ის დირექტორმა, ია ერაძემ დამსაქმებლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებამ კომპანიებს, სამუშაოს მაძიებლების უკეთესი დასაქმებისათვის, მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზოს.
დასაქმების ფორუმის შესახებ მოქალაქეები, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ წინსწრებით გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებებით იგებენ. თავად ფორუმი კი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ სხვადასხვა შეთავაზებას და უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ პოტენციურ დამსაქმებელთან.
მიმდინარე წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით, სულ 11 დასაქმების ფორუმი ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები