დოკუმენტური ფილმი ,,გურჯის გულის“ ჩვენება
ხელოვნების საერთაშორისო “ფესტივალის“ და ტელეკომპანია “ერთსულოვნების“ ორგანიზებით, 19 მაისს, 18 საათზე „თი-ბი-სი“ გალერეაში დოკუმენტური ფილმის “გურჯის გული“ პრეზენტაცია გაიმართება. ფილმის რეჟისორია თინათინ ჭაბუკიანი, პროდიუსერი ნანა ვერულაშვილი.
“კვირა“ დაუკავშირდა პოდიუსერ ნანა ვერულაშვილს და სთხოვა, ფილმის შესახებ მოეთხრო:
– ეს ფილმი არის თურქეთში მცხოვრებ ქართველებზე და იქაურ ქართულ სოფლებში თურქეთელი ქართველების ყოფა-ცხოვრებას ასახავს. ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეები თურქეთში ხშირად ჩადიან, ისევე როგორც თურქეთელი ბავშვებიც ჩამოდიან საქართველოში. ამ ფილმში ეს ვიზიტებიცაა ნაჩვენები. ფილმის სახელია ,,გურჯის გული“, თურქეთში არის ხელოვნური ტბა, რომელსაც გურჯის გულს ეძახიან და სახელწოდებაც სწორედ ამიტომ შევარჩიეთ. სექტემბერში ფილმს აჭარაში დაგეგმილ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ,,მემკვიდრეობა“ გავიტანთ.
შეგახსენებთ, ფესტივალი ,,მემკვიდრეობა“ აჭარაში ყოველწლიურად ტარდება და მასზე წარმოდგენილია საკონკურსო ფილმები, რომლებიც თურქეთში მცხოვრები ქართველების ცხოვრებას ასახავს.