ბრიუსელში, ევროკავშირის რეგიონებისა და ქალაქების კვირეულზე, ქართული დელეგაცია მოხსენებით გამოვიდა

ბრიუსელში, ევროკავშირის რეგიონების და ქალაქების კვირეულზე, ქართულმა დელეგაციამ ოფიციალურად მიიღო მონაწილეობა. კვირეულის ფარგლებში ცალკე შეხვედრა დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მქონე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს – „რეგიონული პოლიტიკა საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში: მიღწევები და გამოწვევები“.
ამ სესიაზე ევროკომისიის რეგიონული და ურბანული პოლიტიკის გენერალური დირექტორატის (DG REGIO), აგრეთვე მოლდავეთისა და უკრაინის შესაბამისი უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, მოხსენებით წარდგნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი კეჟერაშვილი და საქართველოში GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი ერიკ მარქსი.
აღნიშნული გაფართოებული სესიის მიზანი იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის სამ ქვეყანაში არსებული რეგიონული განვითარების პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ამ მიმართულებით თითოეული ქვეყნის მიღწვევებისა და საერთო გამოწვევების განხილვა.
შესაბამისად, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის ხელმოწერით საქართველომ, მოლდავეთმა და უკრაინამ ვალდებულება აიღეს, უზრუნველყონ რეგიონული განვითარება ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, როგორიცაა მრავალდონიანი მმართველობა, პარტნიორობა და სხვა საკითხებთან ერთად რეგიონული უთანასწორობის აღმოფხვრა. მსგავს დებულებებს ასოცირების სამივე შეთანხმება მოიცავს, რომელთა განხორციელების აქტიური ხელშეწყობა ევროკავშირისა და მისი წევრი სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ ხორციელდება. სესიის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა განიხილეს როგორც რეგიონული პოლიტიკის წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე რეგიონულ და ადგილობრივ დონეებთან პარტნიორობის პერსპექტივები.
2017 წლის სექტემბრიდან GIZ-ის მიერ მხარდაჭერილია ინიციატივა, რაც ითვალისწინებს საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინას შორის რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის წახალისებას. ამ ინიციატივის ფარგლებში სამი ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, გაიზიარონ როგორც ერთმანეთის, ასევე ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები