ნინო ჩხობაძე მწვანე კონცხზე: სანაპირო ზოლში ცათამბჯენების მშენებლობა მიზანშეწონილი არაა

ჩვენი პოზიციაა, რომ სანაპირო ზოლში ცათამბჯენების მშენებლობა არ არის მიზანშეწონილი,- ამის შესახებ გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნინო ჩხობაძე მწვანე კონცხის სანაპიროზე ორი 28-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა.
„ზოგადად, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სანაპირო ზოლზე მაღალი ცათამბჯენების აშენება არ არის მიზანშეწონილი. არსებობს სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პრინციპები, რომელიც მუშავდება ზუსტად იმისათვის, თუ როგორ უნდა განვითარდეს სანაპირო. სამწუხაროდ, საქართველოს ჯერ არ აქვს მიღებული კანონი ასეთი სანაპირო ზონის განვითარებასთან დაკავშირებით. თუმცა, ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც უნდა იყოს მიღებული, თუ ჩვენ გვინდა ტურიზმის განვითარება შავ ზღვაზე.
თავის დროზე, როცა იყვნენ წამყვანი სპეციალისტები ჩამოსულები აშშ-დან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აწყობილიყო ეს სისტემა, კანონპროექტიც კი მომზადდა, მახსოვს რეკომენდაცია, რომელიც გვითხრეს- არავითარ შემთხვევაში არ ააშენოთ მაღალსართულიანი შენობები სანაპიროზე, რაღაცა პერიოდის შემდეგ მოგიწევთ მათი დემონტაჟი, რაც უკვე ამერიკაში გაიარა სანაპირო ზოლმა. აღმოჩნდა, რომ სანაპირო ზოლის განვითარებისთვის, თუ გვინდა, რომ მისი ეკონომიკური პოტენციალი გაიზარდოს, უფრო მიზანშეწონილია დაბალსართულიანი შენობები, ლანდშაფტში ჩასმული“,- განაცხდა ჩხობაძემ.
ცნობისთვის, მწვანე კონცხის სანაპიროზე ორი 28-სართულიანი ცათამბჯენის აშენება იგეგმება. ნუ ჩააბეტონებ ბათუმს -ბათუმში, ევროპის მოედანზე ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია, რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
„ამ უკანონო გადაწყვეტილებით მწვანე კონცხის ჩაბეტონების შეუქცევადი პროცესი იწყება, რომელიც უნიკალური მწვანე სივრცე და ბათუმის ფილტვებია”, – განაცხადეს საზოგადოება „ბათუმში“.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები