თბილისი სამბოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

თბილისი სამბოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა, ავთანდილ ცინცაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ჩემპიონატში მონაწილეობას 38 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მიიღებს.
ჩემპიონატი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.
„12-13-14 ოქტომბერს, ჩვენი დედაქალაქი უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს სამბოში, რომელსაც აქვს საიუბილეო თარიღი – 80 წელი. ჩემთვის, როგორც სამბოს ფედერაციის პრეზიდენტისთვის, მეტად მნიშვნელოვანი და საამაყოა ის, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით, ჩვენი ქალაქი მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს. ეს, რა თქმა უნდა, მეტად საპასუხისმგებლოც არის, მაგრამ ჩვენ გვერდში გვიდგას მერია, სპორტის სამინისტრო, რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო, რომ არა მათი მხარდაჭერა, ვერ შევძლებდით ამ დონის მასპინძლობას. მინდა, ასევე საერთაშორისო ფედერაციას გადავუხადო მადლობა, რომ მოგვეცა საშუალება ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ ამ დიდ ღონისძიებას“, – განაცხადა ცინცაძემ.
მისივე თქმით, დასწრება უფასო იქნება.
„მინდა, ჩვენს გულშემატკივარს ვთხოვო, მობრძანდნენ. უგულშემატკივრეთ ჩვენს სპორტსმენებს, გავამხნევოთ, რაც აუცილებელია. ვფიქრობ, მათი გამხნევება დიდ როლს ითამაშებს ჩვენი სპორტსმენების წარმატებაში.
მაქვს იმედი, რომ ჩვენი სპორტსმენები როგორც სხვაგან, ისე ჩვენთანაც გვასახელებენ და გვაქვს იმის იმედიც, რომ გუნდური პირველი ადგილიც ჩვენ დაგვრჩება.
ჩვენ ყველა წონით კატეგორიაში გვყავს მოასპარეზე სპორტსმენი, ჭაბუკებში 10 სპორტსმენია, ახალგაზრდებშიც – 10, ეს ბიჭებში და ასევეა გოგონებშიც.
რაც შეეხება კონკურენტებს, როგორც ყოველთვის, სამბოში, მაინც დომინირებს რუსეთი. მინდა აქვე ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ყველა ასაკობრივ ჯგუფში ჩვენც გვყავს. ამ ჩემპიონატზე გვაქვს საშუალება, დავამტკიცოთ, რომ ჩვენი გუნდი ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია მსოფლიოში“, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები