ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს – ანა გომეშსა და მიქაელ გალერს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის წევრები ანა გომეში და მიქაელ გალერი მიიღო, რომლებიც თბილისში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებიან.
შეხვედრაზე ევროპარლამენტსა და საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის არსებული ურთიერთობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მიმდინარე საარჩევნო კამპანიას.
„ორ ძირითად თემაზე ვისაუბრეთ – ერთი ეხება ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობას. ევროპარლამენტი ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის გაძლიერების მხარდაჭერას ითვალისწინებს და მათი სურვილია, რომ ეს გააძლიერონ, რადგან ძალიან კარგი თანამშრომლობა და ამ კუთხით, საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. მეორე – ბუნებრივია, ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია წინასაარჩევნო გარემოზე, როგორ მიმდინარეობს არჩევნები და ის ძირითადი წუხილები გავუზიარეთ, რაც ნეგატიურ, შავ კამპანიასთან და ყალბი ინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით გვაქვს, ასევე, სხვა საკითხები, რომლებიც წინასაარჩევნო გარემოს უკავშირდება”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები