მარნეულში, N6 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა აფხაზეთი გაიხსენეს

მარნეულის N6 საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, X კლასის მოსწავლეებმა, ღონისძიება „დაგვიანებული აღსარება” გამართეს.
„1992-1993 წლების, ქართულ-აფხაზურ ავბედით მოვლენებთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის მოძიების შემდეგ, მოსწავლეებმა სცენაზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გააცოცხლეს, ჩვენი ისტორიული ერთობის სურათები წარმოადგინეს და მესამე, ბოროტი ძალის მიერ, განზრახ ჩატეხილი ხიდის გამთლიანების სურვილი გამოთქვეს“,- აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეებმა მიიღეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, სამსონ ბრეგვაძე, ლაურა ახალკაცმა და უწყების ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან ამირიძემ, სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის სახელით სამადლობელი სიგელები გადასცეს.
“ლამაზი დღე გვაჩუქეს მარნეულის VI საჯარო სკოლის ბავშვებმა. ეს არის მრავალეთნიკური სკოლა. უამრავი სხვადასხვა ეროვნების და აღმსარებლობის წარმომადგენელი სწავლობს ამ სკოლაში, რომლებიც ერთმანეთთან უმწიკვლო სიყვარულით არიან მიჯაჭვულნი. მათ კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი, რომელიც გადის ერთადერთ, სიყვარულის გზაზე”,- განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.
დასასრულს, სკოლის დირექციამ და მოსწავლეებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები