მარნეულში, “ევროპული საქართველოს” წევრებს, ეგონათ, რომ “ნაციონალები” იყვნენ, სააკაშვილის განცხადების მერე, მათ პარტია დატოვეს
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, მარნეულში „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარტია დატოვეს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდნენ.
როგორც გაირკვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში ორი წლის განმავლობაში ეგონათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი და იგივე პარტია იყო.
ხოლო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ტექსტს გაეცნენ, მიხვდნენ რომ ისინი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობას“ უჭერდნენ მხარს და არა „ევროპულ საქართველოს“. გარდა ამისა, გააცნობიერეს, რომ ეს ორი პარტია ერთი და იგივე არ იყო.
ამიტომ გადაწყვეტილება მიიღეს, „ევროპული საქართველო“ დატოვეს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანდნენ.
ამ ფაქტს „ევროპული საქართველოს“ მარნეულის ოფისის თავმჯდომარე, აჰმედ იმამყულიევი გამოეხმაურა და თანაპარტიელების ქცევა საბავშვო ბაღის ბავშვებს შეადარა.
„ამაზე კომენტარი ჩემთვის სირცხვილია, რადგან ისინი საბავშვო ბაღის ბავშვებივით იქცევა ყველა, ვინც კი „ევროპული საქართველოდან“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდა. ისინი ერთ დღეში კი არ გადავიდნენ, არამედ მათ ჩვენი პარტია სხვადასხვა დროს დატოვეს და ამის შესახებ ერთხელ უკვე გააკეთეს განცხადება. გამოდის, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ოპოზიცია ებრძვის ოპოზიციას. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მარნეულში „ევროპული საქრთველო“ არის ლიდერი და დანარჩენ კომენტარს აღარ გავაკეთებ, რადგან ეს არის საბავშვო ბაღში წასული ხალხი“, – აცხადებს პარტია „ევროპული საქართველოს“ მარნეული ოფისის თავმჯდომარე, აჰმედ იმამყულიევი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველს მოუწოდა, რომ ბაქრაძისთვის მიცემული ხმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაკარგულია.
მისივე თქმით, იგი მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს გრიგოლ ვაშაძეს.
„ხალხმა უნდა იცოდეს, რომ რეალურად ვაშაძე იგებს ამ არჩევნებს, მაგრამ თუ ყველა ხმა წავა ვაშაძესთან, ის მოიგებს პირველივე ტურში. მათ უნდა იცოდნენ, რომ ბაქრაძისთვის მიცემული ხმა, არის დაკარგული ხმა. ბაქრაძის ხმების ნაწილი, რა თქმა უნდა, არის ის ხალხი, ვინც ჯერ კიდევ თვლის, რომ ბაქრაძე წარმოგვადგენს მე და „ნაციონალურ მოძრაობას”. მინდა ვუთხრა ყველას, ბაქრაძე არ წარმომადგენს მე და არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას!” მე წარმომადგენს მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე და ის არის „ნაციონალური მოძრაობის” და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი!”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.