ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ, პირველ მოადგილესთან დავით ჩირგაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კვალითის დასახლების ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მელქაძის, კეკელიძის, შათირიშვილისა და ჩიკაშუას ქუჩების ათი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს სრული აღდგენა სექტემბერში დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, სამუშაოებს კი კომპანია „ბორანი“ ასრულებს.
„კვალითის დასახლება ზესტაფონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მჭიდროდ დასახლებული უბანია. ეზოებში ასფალტის საფარი სრულად იყო გამოსული მწყობრიდან, რაც მოსახლეობის სამართლიან გულისწყრომას იწვევდა. ამჟამად 10 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს და ჯამში 103 000 ლარის სამუშაოები შესრულდება“,- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ.