ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: არჩევნების შედეგები მათთვის დაუჯერებელი და მიუღებელია, რადგან ვერ შეეგუვნენ აზრს, რომ ქართველი ხალხი „ნაცებს“ არასდროს დააბრუნებს
არჩევნების შედეგები, რა თქმა უნდა, მათთვის დაუჯერებელი და მიუღებელია, რადგან ვერ შეეგუენ აზრს, რომ ქართველი ხალხი „ნაცებს“ არასდროს არ დააბრუნებს და არასდროს არ დააბრუნებს რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილი წარმოადგენს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა „ღამის კურიერის“ ეთერში ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს.
მისივე თქმით, ცვლილება ამ ქვეყანაში ვერასოდეს მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ.
„ამ ქვეყანაში ქართველი ამომრჩეველი ვერ დააშინა 2012 წლის „ნაცების“ რეჟიმმაც და როდესაც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ცვლილება, როგორც წყალი, ისე ესაჭიროებოდა, დაირაზმნენ, წავიდნენ და მისცეს ხმა ცვლილებას. ისევე როგორც ახლა – ქართული საზოგადოება დაირაზმა, მივიდა არჩევნებზე 200 000-ით მეტი ჩვენი მხარდამჭერი, ვიდრე წინა არჩევნებზე იყო (ფაქტობრივად, 2012 წლის აქტივობას უტოლდებოდა ეს არჩევნები) და მისცა ხმა ამ ქვეყნის მშვიდობიან და კეთილდღეობით განვითარებას.
რა თქმა უნდა, მათთვის [ოპოზიციისთვის] დაუჯერებელი და მიუღებელია, რადგან ვერ შეეგუვნენ აზრს, რომ ქართველი ხალხი „ნაცებს“ არასდროს არ დააბრუნებს და არასდროს არ დააბრუნებს რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილი წარმოადგენს.
სხვათა შორის, გუშინ ჩემს მეგობრებთან ვიყავი და ისეთი საზოგადოება იყო, სადაც კითხვები დაისვა იმის შესახებ, თუ რატომ გვგონია, რომ პირობითად, „ლელოთი“ და გახარიას პარტიით მოდიან „ნაცები“ – ისინი არიან კოალიცია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ორი უმსხვილესი – ძველი და ახალი „ნაცების“ გარეშე, ვერც „ლელო“ და ვერც გახარია ვერაფერს ვერ წყვეტს. წამყვანი როლი უჭირავს „ნაცმოძრაობის“ დაშლილ თუ ახალ კონფიგურაციას.
აპრიორი, თუ ისინი გაიმარჯვებდნენ, მიშა სააკაშვილი გამოდიოდა თავისუფლებაზე და თავისუფლებაზე გამოსული მიშა სააკაშვილი ვიცით, თუ რა ძალაუფლების ხელში აღებას შეეცდებოდა და ყველაფერი როგორ გადალაგდებოდა. ამიტომ, ეს არანაირი კონსპირაცია და ამომრჩევლის თვალის ახვევა არ არის, ეს არის რეალობა.
მთელი ამ 12 წლის განმავლობაში, ეს საკითხი არის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი, მათ შორის, ჩვენთვისაც ერთ-ერთი სამოტივაციო ფაქტორია და ამაზე არაერთხელ უსაუბრია საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ის, რა თქმა უნდა, ხვდება, რომ ამ ქვეყანაში, რაღაც ეტაპზე [რაღაც უნდა შეიცვალოს], მაგრამ ეს ცვლილება ვერაფრით ვერ იქნება „ნაცების“ სასარგებლოდ. ყველა ვიმედოვნებთ, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის მოყვარული ოპოზიცია მოვა და არა მისი მტერი ოპოზიცია“, – აცხადებს წილოსანი.