ხობის მოსახლეობა წლევანდელი მოსავლით კმაყოფილია

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურიფულში სიმინდის საკარმიდამო ნაკვეთებში მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით უკეთესი შედეგი აქვთ – მოსავლიანობა გაზრდილია და გაუმჯობესებულია სიმინდის ხარისხიც.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით სოფელ პირველი გურიფულის საყანე ფართობები ცივი შესხურების მეთოდით დაამუშავა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად, საკუთარ ნაკვეთებზე ადგილობრივებმაც იზრუნეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მავნებელს მექანიკური საშუალებების გამოყენებით ებრძვის. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებმა საკარმიდამო ნაკვეთებში განთავსებული აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგებიც დაათვალიერეს.
იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურებით 630 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში მავნებლის რაოდენობა შემცირდა, გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი არ გაზრდილა და კვლავაც ძველ საზღვრებში რჩება.

(R)

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები