სალხინოში, საპილოტო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ და საპილოტო არეალზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს. მათ პროექტით გათვალისწინებული პროცედურები განმარტეს და სტატისტიკური მონაცემები მიმოიხილეს. სოფელ სალხინოს გამგეობის შენობაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.
სალხინოს არეალზე იდენტიფიცირებულია 2900 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან უკვე რეგისტრირებულია 1665. 963 მიწის ნაკვეთზე განცხადება განსახილველად გადაგზავნილია ვანის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე აღიარების კომისიაში. დარჩენილ მიწის ნაკვეთებზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოძიება და დამატებითი ინფორმაციის შესწავლა.
აღსანიშნავია, რომ სალხინოს საპილოტო არეალზე ქალი და კაცი მესაკუთრეების რაოდენობა თითქმის იდენტურია. კერძოდ, დარეგისტრირებული 1657 მესაკუთრის უფლებიდან, ქალ მესაკუთრეთა რაოდენობა 852-ია, ხოლო კაც მესაკუთრეთა 986-ია.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი სალხინო ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს.
„მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრეები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება“,- აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები