ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში: ევრორეგულაციების დანერგვა საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს

დღევანდელი შეხვედრა მართლაც კონსტრუქციული იყო. ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და შევთანხმდით, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს” – ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. გიორგი ქობულია ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო DCFTA -ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის ინიციატივით იმართება.

„ჩვენი საუბრის ერთ-ერთი საკითხი იყო ერთიანი სატრანსპორტო რეგულაციები, რომელიც ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილია და დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. ამ რეფორმის შედეგად შექმნილი რეალობა ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და, აგრეთვე, საშუალებას მისცემს კომპანიებს გააფართოვონ საქმიანობა. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობა და ვფიქრობ, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, მათ შორის აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ხელი მოეწერა საგზაო უსაფრთხოების დეკლარაციას. აუცილებლად დავეხმარებით საქართველოს ამ მიმართულებით როგორც შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობით, ისე სხვადასხვა პროექტის ფარგლებში არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით – აღნიშნა ვიოლეტა ბულცმა.

ევროკომისრის განცხადებით, მესამე საკითხი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს, იყო რკინიგზა და საქართველოს ჩართულობა სტრატეგიულ ალიანსში ევროპასა და აზიას შორის დერეფნის მოწყობის შესახებ.
„საქართველო მიწვეული იქნება შეხვედრაზე, სადაც ჩვენ დავიწყებთ სარკინიგზო დერეფნის დაგეგმვას, რომელიც მთელ რეგიონს დააკავშირებს ერთმანეთთან. ჩვენ ასევე ყურადღება ბევრ სხვა საკითხზე გავამახვილეთ, მათ შორის საზღვაო სექტორზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველანი შევთანხმდით, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს და კვლავაც უნდა გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა. მოუთმენლად ველი მომავალში ახალ ერთობლივ საქმიანობას” – განაცხადა ბულცმა.

ბრიუსელში გამართულ მინისტერიალში საქართველოს მიერ DCFTA-ის ფარგლებში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტური განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ითვალისწინებს მისი ეკონომიკის ევროკავშირის შიდა ბაზართან ეტაპობრივ ინტეგრაციას, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სამომხმარებლო ბაზრის ხელმისაწვდომობას ტარიფებისა და კვოტების გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები