გიორგი გახარია: შსს-ში სამსახურში მიღების წესი, პრინციპულად შეიცვლება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ შსს-ში სამსახურში მიღების წესი შეიცვლება.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომპონენტი სტრუქტურაში უნდა იყოს გარკვეულწილად ელიტა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში გვაქვს პოზიცია, რომ საგამოძიებო კომპონენტი ჩვენს სტრუქტურაში უნდა იყოს გარკვეულწილად ელიტა. ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი, რაც გავაკეთეთ, შსს-ში 1 200-ზე მეტი გამომძიებლის საკვალიფიკაციო დონე შევაფასეთ. ამ შეფასების საფუძველზე მათი გადასამზადებელი კურსები შემუშავდა და შეიქმნა საბაზისო კურსები, ვსაუბრობთ შსს-ს პოლიციის აკადემიაზე.
​ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ შსს-ში სამსახურში მიღების წესი, რომელიც ასევე პრინციპულად იქნება შეცვლილი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. შესაბამისად, დღეს ვხსნით დისკუსიას თქვენთან ერთად რეფორმების იმ შინაარსობრივ ნაწილზე, რომლის სტრუქტურული მხარე ფაქტობრივად დასრულებული გვაქვს. ეს იქნება პლატფორმა, რომელზეც გარკვეული დისკუსია და მსჯელობა გვექნება“, – მიმართა მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები