თეა წულუკიანი კანაფის თემაზე: გვევალება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებს კანონი მოვარგოთ

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოში სამედიცინო და საექსპორტო მიზნებისთვის კანაფის კულტივირების საკითხში მთავარი გამოწვევა იქნება, რომ აღნიშნული ნივთიერება ქვეყნის შიდა ბაზარზე არ მოხვდეს.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონი უნდა მოერგოს.
ამასთან, მინისტრი განმარტავს რომ, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მთავრობის ბოლო სხდომაზე იქნა წარდგენილი და თემა ორ ნაწილად დაიწყო.
„ყველას ნანახი და წაკითხული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებებს ან არ ვეთანხმებით და კატეგორიულად არ ვიზიარებთ, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებები სასამართლოს გადაწყვეტილებებია და გვევალება, ამ გადაწყვეტილებებს კანონი მოვარგოთ. ამიტომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მთავრობის ბოლო სხდომაზე ეს პაკეტი იქნა წარმოდგენილი. თემა ორ ნაწილად დაიყო: პირველი – არც ერთ ახალგაზრდას არ უნდა ეგონოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მარიხუანას მოხმარება ახლა იმდენად ნებადართულია, თითქოს სკოლაში, კაფეში, კინოში თუ ქუჩაში მოვიხმართ და პასუხისმგებლობა არ იქნება. ეს ნამდვილად მცდარია, შესაბამისად, პირველი ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებებისა ემსახურება სწორედ იმას, რომ წვდომა იყოს შეზღუდული ამ ნივთიერებაზე, რომელიც არის ნარკოტიკი და 21 წლამდე ასაკის ადამიანს შეეზღუდოს ქმედებების არეალი, მკაცრად იცოდეს, რომ ეს მაინც დასჯადი იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება კანაფის წარმოება-ექსპორტს, მინისტრის თქმით, ამ მხრივ მთავარი გამოწვევა იქნება, მოყვანილი ნივთიერება საქართველოს შიდა ბაზარზე არ მოხვდეს.
„ასევე, ჩვენ მეორე ნაწილი მოვისმინეთ მთავრობის სხდომაზე ცვლილებებისა, ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო და საექსპორტო მიზნებისთვის ამ მცენარის მოყვანას და კულტივირებას საქართველოში. აქ მთავარი გამოწვევა იქნება სწორედ იმის კონტროლი, რომ ამგვარად მოყვანილი ეს ნივთიერება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ მოხვდეს შიდა ბაზარზე. ეს არის უმთავრესი გამოწვევა. სხვა მხრივ, როგორც ამას შესაბამისი სფეროს ექსპერტები გვიხსნიან, თუ ამ ნივთიერებას სამედიცინო მიზნებისთვის ექსპორტზე გავიტანთ ქვეყნებში, სადაც არის მაღალი მოთხოვნა, შეიძლება ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა ეკონომიკამ დიდი შეღავათი იგრძნოს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები